საზოგადოება

ომბუდსმენი ბექა ყორშიას როინ მეტრეველზე სიუჟეტისთვის აკრიტიკებს

12 ივნისი, 2023 • 4505
ომბუდსმენი ბექა ყორშიას როინ მეტრეველზე სიუჟეტისთვის აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ბექა ყორშიას აკრიტიკებს მეცნიერებათა აკადემიის ახლად დანიშნული პრეზიდენტის, როინ მეტრეველის შესახებ მომზადებული სატირული სიუჟეტისთვის.

11 ივნისს „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს, როგორ ამხელს ბექა ყორშია როინ მეტრეველს. თუმცა სახალხო დამცველმა პრობლემა სულ სხვაგან დაინახა.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, — წერს იოსელიანი ფეისბუკზე.

სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მეცნიერებათა აკადემიის ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩევლის სახელით დაურეკა და პრემიერ ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

„ძალიან გამოადგება ეს, კონფერენციებზე რომ ჩადის“, — ეუბნება ყორშია მეტრეველს და დასძენს, რომ ეს არ გახმაურდება.

„ჩათვალეთ, რომ ეს შეიძლება გავაკეთოთ. მინდა იცოდეთ, ბატონ ირაკლის აკადემია სრულფასოვნად უჭერს მხარს და ყველაფრისთვის მზად ვართ. ოღონდ მეორე რაც თქვით, იმაზე ვიფიქროთ, მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია. ბატონმა ირაკლიმაც იფიქროს და მეც ვიფიქრებ ამაზე“, — ეუბნება მეტრეველი ყორშიას.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სატელეფონო საუბარში პრემიერ ღარიბაშვილთან „ხუთწუთიან შეხვედრას“ ითხოვს.

„მე დღეს შევუდექი მუშაობას. რა მინდა იცით, მომავალ კვირაში თუ გამონახავს 5 წუთით დროს, რომ დაფიქსირდეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.  საჭიროა საქმისთვის.

ერთი რამე იცოდეთ, ბატონ ირაკლის მხარდაჭერა იქნება ჩვენგან 100%-იანი. მე ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მეორე ნაწილზე ვიფიქროთ, როგორც თქვენ იტყვით, ისე გავაკეთებთ. იცით, რისი მეშინია? დათვური სამსახური არ გავუწიოთ. აკადემია არის თქვენთან“, — ამბობს მეტრეველი სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც „მთავარი არხის“ სიუჟეტშია გამოყენებული.

როინ მეტრეველი საბჭოთა რეჟიმის დროს კომუნისტურ პარტიაში, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, „გავლენიანი ფუნქციონერი“ იყო. 1990-იანი წლებიდან 2004 წლამდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან თანამდებობა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დატოვა.

მეტრეველის რექტორობისას თსუ-სა და პირადად მის წინააღმდეგ სტუდენტებისა და აქტივისტების მხრიდან ისმოდა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი