საზოგადოება

პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტებს პლაკატები წაართვა და რამდენიმე მათგანი დააკავა

2 ივნისი, 2023 •
პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტებს პლაკატები წაართვა და რამდენიმე მათგანი დააკავა

2 ივნისის ღამით პოლიციამ მოქალაქეთა ჯგუფს კვლავ შეუშალა ხელი მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ინციდენტები იმ დროს მოხდა, როცა პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა. შეკრების მონაწილეები პარლამენტის კიბეზე სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით ისხდნენ.

ვიდეოს მიხედვით, პირველი ინციდენტისას პოლიციელები აქციის მონაწილეებისკენ მოულოდნელად დაიძრნენ და ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. OC Media-ს რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის ცნობით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, თუთბერიძეს ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით “ირაყლი”.

მეორე ინციდენტის დროს აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის კიბეზე ისხდნენ, როცა პოლიცია კვლავ მივიდა მათთან და დარჩენილი პლაკატების წართმევა დაიწყო. ზოგიერთი ეს პლაკატი ასომთავრული ანბანით იყო დაწერილი, რათა ძალოვნებს ვერ გაეგოთ, თუ რა ეწერა ზედ.

“[მეორე ინციდენტის დროს] უკვე პლაკატები აღარ ეჭირათ აქტივისტებს, რადგან პოლიციელებმა პირველ შემოსვლაზე და რეიდზე ყველა აქტივისტს წაართვეს პლაკატები.

დარჩენილი იყო “გირჩი — მეტი თავისუფლების” პლაკატები. ეს პლაკატები ასომთავრული ანბანით იყო დაწერილი, რომელიც პოლიციას არ ესმის.

ცოტა ხანი გარკვევაში იყვნენ: ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ნეტავ აქ რა უწერიათო”, — უყვება “ნეტგაზეთს” პარტია “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე.

მისი ინფორმაციით, პოლიციამ ასომთავრულით დაწერილი პლაკატების წართმევაც დაუწყო ადგილზე მყოფებს, მოგვიანებით კი დააკავეს მოძრაობა “ჯიუტის” წევრი ლაშა ჯანჯღავა, რომელსაც რუპორი ეჭირა ხელში:

“[ჯანჯღავა] უბრალოდ კიბეზე იდგა და ხელში ეჭირა რუპორი. არაფერს აკეთებდა”, — გვეუბნება “დროას” წევრი.

მისივე ცნობით, კიბეზე მდგომ ერთ-ერთ აქტივისტს ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. პოლიცია მასთანაც მივიდა და ეს ცარიელი ფურცელი წაართვა.

“ცარიელია, რატომ მართმევ?!” — ისმის ვიდეოში ახალგაზრდა კაცის ხმა.

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წარმომადგენლის, ნიკუშა ფარულავას ცნობით, პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან ნიშნიანიძეც დააკავა. ეს ცნობა სამამდე ზრდის დაკავებულთა რიცხვს.

შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ, რა მუხლით და რა მიზეზით დააკავეს აქციის მონაწილეები.

“მართლა წარმოუდგენელია ის, რაც დღეს გააკეთეს მათ, ვინც საქართველოს პოლიცია უნდა იყვნენ, თუმცა გადაქცეულნი არიან რუსეთის მილიციად.

ეს არის რუსეთის ხელწერა. იქ ზუსტად ასე ებრძვიან მოქალაქეებს, რომლებიც გარეთ გამოდიან და ყველა უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ”, — ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

2 ივნისის საღამოს მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

გარეკანის ფოტო: ფოტოასლები მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი