ახალი ამბები

პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტს ცარიელი ფურცელი წაართვა [ვიდეო]

2 ივნისი, 2023 • 1951
პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტს ცარიელი ფურცელი წაართვა [ვიდეო]

პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეს პოლიციამ ცარიელი ფურცელი წაართვა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ძალოვნები შეკრების მონაწილეებს პლაკატებს ართმევდნენ და აკავებდნენ.

2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტი” მორიგ ანტისამთავრობო აქციას  მართავდა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში.

პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაუწყეს პლაკატების წართმევა. პერიოდულად, ისინი ადგილზე მყოფებს აკავებდნენ.

ერთ-ერთ შემთხვევაში, პოლიციელმა დემონსტრანტს წაართვა თეთრი ფურცელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს ჰაერში ჰქონდა აწეული.

“ცარიელია, რატომ მართმევ?!” — ისმის OC Media-ს რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ახალგაზრდა დემონსტრანტის ხმა.

2 ივნისის საღამოს აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს — ადვოკატ შოთა თუთბერიძეს — ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. კიდევ ერთ მათგანს, ლაშა ჯანჯღავას, მისი თანმხლები დემონსტრანტის ცნობით, რუპორი ეკავა ხელში.

შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ, რა მუხლით და რა მიზეზით დააკავეს აქციის მონაწილეები.

“მართლა წარმოუდგენელია ის, რაც დღეს გააკეთეს მათ, ვინც საქართველოს პოლიცია უნდა იყვნენ, თუმცა გადაქცეულნი არიან რუსეთის მილიციად.

ეს არის რუსეთის ხელწერა. იქ ზუსტად ასე ებრძვიან მოქალაქეებს, რომლებიც გარეთ გამოდიან და ყველა უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ”, — ამბობს აქციის მონაწილე, “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

2 ივნისის საღამოს მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

გარეკანის ფოტო: ფოტოასლები მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

ამავე თემაზე:

პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტებს პლაკატები წაართვა და რამდენიმე მათგანი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი