საზოგადოება

“დამაფიქრებელია” – ასპინძაში ბოლო ხანებში 12 ადამიანს ბრუცელოზი გამოუვლინდა

2 ივნისი, 2023 • 1010
“დამაფიქრებელია” – ასპინძაში ბოლო ხანებში 12 ადამიანს ბრუცელოზი გამოუვლინდა

რამდენიმე კვირაა, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის შემთხვევები ფიქსირდება. ბოლო პერიოდში დადასტურდა დაავადების ადამიანზე გადაცემის 12 შემთხვევა.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 12 შემთხვევიდან 8 პაციენტი სტაციონარში მკურნალობდა, შემდეგ კი ბინაზე გაწერეს, 4 კი დანიშნულებითა და ზედამხედველობით თავიდანვე სახლში მკურნალობდა.

„რადგან ბრუცელოზი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებლია. ერთი შემთხვევაც ეპიდაფეთქებას ნიშნავს“, – ამბობს ის.

პაპაშვილის თქმითვე, წინა წელს ასპინძაში ბრუცელოზის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ისიც იმპორტული, ანუ სხვა რაიონიდან.

„საშიშროება, ფაქტობრივად, უკვე დამდგარია. ამდენი ადამიანის ბრუცელოზით დაინფიცირება უკვე ძალიან დამაფიქრებელია. რა თქმა უნდა, დროულად უნდა მოხდეს სხვა ტერიტორიებზე მულტისექტორული მუშაობა. ჩვენ ვერ მივიღებთ ამაში აქტიურ მონაწილეობას მანამ, სანამ ადამიანებს გამოუმჟღავნდებათ ეს დაავადება.

ეს უფრო ვეტერინარული ღონისძიებების საფუძველზე უნდა მოხდეს. მეცხოველეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, როგორ მოუარონ საკუთარ პირუტყვს, ასევე უნდა მოხდეს ტესტირება ცხოველების გარკვეული დროის პერიოდებით და წესით, ეს დაავადება ადამიანამდე არ უნდა მივიდეს“, — განუცხადა პაპაშვილმა ნეტგაზეთს.

რაც შეეხება მკურნალობას, მზია პაპაშვილი განმარტავს, რომ თუ ბრუცელოზის ჯეროვანი მკურნალობა არ მოხდა, დაავადება ქრონიკულ სახეს იღებს და შეიძლება, სერიოზულად დააზიანოს ძვალ-სახსროვანი სისტემა. დაავადებას კი სხვა სიმპტომებთან ერთად ახასიათებს მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, სისუსტე, მადის დაქვეითება და სხვა.

ადგილობრივი მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილობრივებზე დარყდნობით წერს, რომ ბრუცელოზის პირველი შემთხვევები, სულ მცირე, მაისის დასაწყისში გამოვლინდა. რამდენიმე დღის წინ ამავე გამოცემას ინტერვიუ მისცა ასპინძასთან ახლომდებარე ახალციხის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა. ის აცხადებს, რომ ბაზარში ნაყიდი ყველის გამო ბრუცელოზით მისი 11 წლის შვილი დაინფიცირდა.

ბრუცელოზთან დაკავშირებული პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოში მათ შორის კურირებს სურსათის ეროვნული სააგენტო. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2016 წლიდან ყოველწლიურად ხდება პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.

ოფიციალური ცნობების თანახმად, ყოველწლიურად ათი ათასობით ცხოველი იცრება ბრუცელოზზე. მაგალითად, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით იმ წელს აიცრა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ – 53 831 სული პირუტყვი.

ნეტგაზეთმა დამატებითი კითხვებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. უწყებისგან პასუხს ველოდებით. 

რა არის ბრუცელოზი?

ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ცნობარის თანახმად, გადაცემა ორი ძირითადი გზით ხდება:

  • კონტაქტური – როდესაც შეხება ხდება ინფიცირებული ცხოველის სისხლთან, განავალთან, გამონადენთან ან/და სხვა.
  • კვებითი – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანახმად, საქართველოში წელიწადში ბრუცელოზის საშუალოდ 200 შემთხვევა რეგისტრირდება. 2021 წელს, მაგალითად, ასეთი 132 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრი წერს, რომ რეალურად შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს.

ბრუცელოზს აქვს საინკუბაციო პერიოდი, დაახლოებით 2-4 კვირა, გადატანის შემდეგ კი იმუნიტეტი ხანმოკლეა, შესაბამისად, შესაძლოა ხელახალი ინფიცირებაც.

ბრუცელოზის მქონე ცხოველის მკურნალობა არ ხდება. დაავადების დადგენის შემთხვევაში ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია, რომ ფერმერებმა ცხოველები დროულად აცრან.

  • თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ბრუცელოზი დაემართა – სასწრაფოდ მოახდინეთ მისი იზოლაცია  ჯანმრთელი ცხოველებისაგან და მიმართეთ ვეტერინარს.  იგი დააზუსტებს დიაგნოზს და ბრუცელოზის შემთხვევაში ერთად გაატარებთ შესაბამის ზომებს.
  • ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.
  • გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი – დოლის, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, გატყავების, მისი ხორცის დამუშავების, მკვდარ ნაყოფთან შეხების,  ცხოველთა სადგომების დასუფთავების, მატყლის დამუშავების დროს გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი.
  • ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად.

რჩევები სრულად შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ბროშურაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი