ახალი ამბები

თანამდებობის პირთა ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ სამცხე-ჯავახეთში – TI

8 მაისი, 2020 • 1178
თანამდებობის პირთა ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ სამცხე-ჯავახეთში – TI

“2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა”, – მონაცემებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმები არაერთ ტენდერს იგებენ და, შესაბამისად, ასიათასობით ათას ლარს იღებენ ბიუჯეტიდან. “გამჭვირვალობა” პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს, არის თუ არა ეს კორუფციის შესაძლო შემთხვევები.

ორგანიზაცია ახსენებს ზაზა მელიქიძეს, რომელიც  2014 წლის ივლისიდან 2017 წლის სექტემბრამდე ახალციხის გამგებელი იყო, 2017 წლიდან დღემდე კი მერის თანამდებობა უკავია “ქართული ოცნებიდან”. 2014-17 წლებში მისი ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანია “ნუკიამ” 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან 9 მოიგო, რისთვისაც 246 920 ლარი დაერიცხა.

“კომპანია “ნუკიამ” მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა, და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა 3 700 ლარით”, – წერს ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, იმ სატენდერო კომისიების მუშაობაში იყო ჩართული, რომლებიც მისი ძმის კომპანიის საქმეს განიხილავდნენ. ის ძმის კომპანიის კონკურენტთა დისკვალიფიკაციის საკითხსაც იხილავდა:

“მუნიციპალიტეტის გამგებელი მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე უთითებდა, რომ შპს „ნუკიასთან”  ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა, ხელშეკრულებებს კი მისი პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე აფორმებდა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გარდა, “ნუკიას” მთავარი შემსყიდველები ასპინძის მერია და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლები არიან. 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ სულ 37 ტენდერი მოიგო, რისთვისაც, ჯამში, 1 045 922 ლარი მიიღო.

ორგანიზაციის თანახმად, ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მისი მეორე ძმის, თენგიზ მელიქიძის მეუღლე, ნანა მაისურაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის  ააიპ-ების  ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და აღნიშნულ ორგანიზაციებს  პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს.

“მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით კი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ააიპ „სათნოების სახლის”  11  ტენდერიდან 8-ში  გაიმარჯვა, მათ შორის, 6-ში ერთადერთი პრეტენდეტი იყო და, ჯამში, 318 408 ლარი დაერიცხა”, – წერს ორგანიზაცია.

მასალის თანახმად, ზაზა მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ტენდერებს უკონკურენტოდ მისი კომპანიებიც იგებენ. აღნიშნული კომპანიების დირექტორებად მერს  ცოლის და-ძმები ჰყავს დანიშნული. ზაზა  მელიქიძისა და მისი ცოლის ძმის შპს-ებს 2014-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაერიცხათ, რის შესახებაც “გამჭვირვალობამ” 2019 წელს გამოაქვეყნა ცნობები და პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო უფლბამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში ასევე საუბარია ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი ძმის ტენდერებზე. მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს 2014 წლიდან თავმჯდომარეობს. თანამდებობაზე არჩევამდე, გარკვეული პერიოდი, იგი ძმის, მალხაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანია სს „XXI საუკუნის“ ფინანსური დირექტორი იყო.

სანამ მელიქიძე თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ძმის კომპანია მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა: 2014-19 წლებში მან ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 14 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 5 მოიგო, რისთვისაც 2016-19 წლებში 740 065 ლარი დაერიცხა.

“ხუთი მოგებული ტენდერიდან სამში „XXI საუკუნე“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო, ორ შემთხვევაში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიაცია მიენიჭათ. ასევე, ორი ტენდერი ზუსტად იმავე თანხით მოიგო, რა თანხაზეც მერია სამუშაოების შესყიდვას აცხადებდა, სამჯერ კი მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების შესრულება გადაუვადეს”, – წერს”საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

მამუკა მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ძმის კომპანიამ სულ 16 ტენდერი მოიგო, ჯამში,  3 470 628 ლარის ოდენობის. მანამდე კი,  2011-2014 წლებში, მხოლოდ 218 920 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს საქმეები და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი