ასპინძის სოფელ ტოლოშის შესასვლელში ადგილობრივებს გზა გადაკეტილი აქვთ და მომთაბარე მწყემსებს ცხვრის ფარისა და ძროხების ჯოგის გატარების საშუალებას არ აძლევენ, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთი კარიბჭე“.
„არ გავატარებთ, ამის უფლებას აღარ მივცემთ, ეს სოფლის გზაა და არა ცვრის გადასარეკი ტრასა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ტოლოშში მცხოვრებლებს.
50-ზე მეტი ადგილობრივი გზის გადასაკეტად 5 ივნისს დილიდან შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, რომ ცხვრის გადარეკვისას, მათი ნათესები და საძოვრები ნადგურდება.
გამოცემის ცნობითვე, პირუტყვის მეპატრონეები კი ამბობენ, რომ ამ სოფელში ცხვარ-ძროხის გატარებას წელს პირველად გეგმავდნენ, — აქამდე ისინი ტრაილერებით გადაჰყავდათ, ახლა კი, ტრანსპორტირების გაძვირების გამო, ამას ვეღარ ახერხებენ.
„თუ არ გაგვატარებენ, ასობით ცხვარი და ძროხა წყლის გარეშე მოკვდება“, – ციტირებს sknews.ge შპს „ლაბა პროდუქტის“ წარმომადგენელ მამუკა ნასიძეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, სოფელში ისევ ავიდა მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძეც.
გარეკანის ფოტო: სამხრეთის კარიბჭე