საზოგადოება

რა ვიცით ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნაზე

19 მაისი, 2023 • 8614
რა ვიცით ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნაზე

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში, კერძოდ, სასტუმრო” ყვარლის ტბაში” იმყოფება. “ნეტგაზეთთან” საუბრისას, ისევე როგორც, საჯარო განცხადებაში, სასტუმრომ ლავროვას იქ ყოფნა უარყო. შსს-სგან პასუხს ჯერაც ველით.

“მთავარმა არხმა” ამ თემაზე სიუჟეტი 19 მაისის საღამოს გაუშვა ეთერში. ტელეარხის ცნობით, კახეთში, “ყვარლის ტბაში” ქორწილს ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინა ლავროვას ქმრის ძმა და მისი პარტნიორი იხდიან. ამავე სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხსენებულ სასტუმროში თავად ეკატერინა ლავროვაც იმყოფება.

ლავროვა დასავლეთის სანქციების ქვეშაა. “მთავარი არხის” ცნობით, საქართველოშია ლავროვას ქმარიც, ალექსანდრ ვინოკუროვი, რომელიც ასევე სანქცირებულია.

ტელეარხის ცნობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა “ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

“მთავარის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

“…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

“ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

“კი, კი”.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სასტუმრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!”

რაც შეეხება ლავროვას ქმრის ძმის ქორწილის შესახებ ცნობას, განცხადებაში ამაზე არაფერი წერია.

მანამდე, “ნეტგაზეთი” სასტუმროს დაუკავშირდა ნომერზე, რომელიც საჯაროდ არის მითითებული.

თავდაპირველად პრესსამსახურის საკონტაქტო ნომერი ვითხოვეთ, რაზეც სასტუმროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ვერ დაგვეხმარებოდა. როცა ვუთხარით, რომ ლავროვის შვილთან დაკავშირებით ვრეკავდით, “ყვარლის ტბის” თანამშრომელმა გვითხრა:

“მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე”.

დამაზუსტებელ კითხვაზე —  “ანუ ლავროვის ქალიშვილი და მისი ქმარი არ იმყოფებიან თქვენს სასტუმროში?” — გვიპასუხეს:

“არა, არა, არ იმყოფებიან”.

სასტუმროს თანამშრომელს “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და “ყვარლის ტბის” წარმომადგენლის საუბარიც შევახსენეთ.

“გასაგებია, რომ ასე არის გავრცელებული, უბრალოდ, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სიცრუეა ეს”.

მას ასევე ვკითხეთ, იმართება თუ არა “ყვარლის ტბაში” ხსენებული ქორწილი, რაზეც გვითხრა:

“ეს ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენთან ასეთი რაღაც არ ხდება”.

სასტუმროს წარმომადგენელმა არ ისურვა თავისი ვინაობის დაკონკრეტება.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს, საქართველოში იმყოფებიან თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილი და მისი სანქცირებული მეუღლე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ჟურნალისტებს ლავროვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს და დააზუსტებს.

ამავე თემაზე:

ყვარელში თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი