ახალი ამბები

ყვარელში თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

20 მაისი, 2023 • 5268
ყვარელში თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

ყვარელში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნას აპროტესტებდა.

ყვარელში გვიან ღამით ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, თანამოაზრეებთან ერთად. პოლიციის თანამშრომლებმა მათ ყვარლის ტბის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ნიკა მელიას და პოლიციის წარმომადგენელ თემურ კალანდაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიცია ამბობდა, რომ კერძო ტერიტორიას იცავს.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დააკავა თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ არ იციან, სად გადაიყვანეს დეპუტატი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე გასცემს ინფორმაციას, რა მუხლით და რამდენი ადამიანი დააკავეს ყვარელში, ასევე, საქართველოში იმყოფებიან თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული ქალიშვილი და მისი მეუღლე.

„ყვარლის ტბის“ სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის მოქალაქეები არიან შეკრებილები და რუსი სტუმრების ჩამოსვლას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.  ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები ესროლეს მიკროავტობუსს, რომელიც სასტუმროში შედიოდა. პოლიცია მანქანა კორდონით შეაცილა.

რა ხდება?

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ის, რომ საქართველოში იმყოფება, დასტურდება მიკა ვინოს, (იგივე მოშე ვინოკუროვის) და მისი მეუღლის ინსტაგრამ გვერდებიდან. მათ საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობებიც ჩანს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყვარელში იმყოფებიან სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

ორივე სასტუმრო — „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ და „ყვარლის ტბა“ — იდენტური განცხადებებით უარყოფენ ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ „ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ“.

თუმცა ეკატერინა ლავროვი ქმრის გვარს — ვინოკუროვას ატარებს. ამასთან, „მთავარმა არხმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა „ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

„მთავარი არხის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

„ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტმა“ კი მოგვიანებით მორიგი განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი „პრეროგატივა არ არის მოახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება“.

„სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ჟურნალისტებმა ლავროვის შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც 19 მაისს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა კითხვას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი