„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ჯამურად 31% ამბობს, რომ ომი უკრაინაში დასავლეთის პროვოცირებულია, ხოლო, ჯამში, 29%-ს სჯერა კონსპირაციის, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს.
ომი უკრაინაში და საქართველო
გამოკითხულთა თითქმის მესამედი — 31%, იზიარებს აზრს, რომ ომი უკრაინაში ან ნაწილობრივ [25%], ან სრულად [6%] დასავლეთის მიერაა პროვოცირებული. ამ აზრს კი ჯამურად 25% არ ეთანხმება.

თუმცა მხოლოდ 25% ამბობს, რომ უკრაინას ომის თავიდან არიდება შეეძლო მაშინ, როცა 47%-ის მოსაზრებით, პუტინის იმპერიალისტურ ამბიციებს ვერაფერი შეაჩერებდა.

რაც შეეხება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის კონსპირაციას, ჯამში, 29% მიიჩნევს, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ჯამში, 38%.
40% ამბობს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს უკრაინას; არ ეთანხმება ამ აზრს, ჯამში, 29%; 36% „მეორე ფრონტის“ გახსნაში ოპოზიციას ადანაშაულებს, 35% – არ ეთანხმება ამ აზრს.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი გააკეთა. საპირისპირო აზრი აქვს 30%-ს. ევროკავშირის გაწეულ დახმარებას საკმარისად მიიჩნევს 39% [არასაკმარისად – 39%], ხოლო ნატოს – 37% [არასაკმარისად – 40%].

კითხვაზე, თუ როგორ დასრულდება ომი, მკვლევრებმა შემდეგი სპონტანური პასუხები მიიღეს:
- უკრაინა გაიმარჯვებს – 39%;
- რუსეთი გაიმარჯვებს – 14%;
- კონფლიქტი გაიწელება – 17%;
- სხვა – 2%;
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 28%.
ურთიერთობა აშშ-თან
2021 წლის ნოემბერთან შედარებით შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ვაშინგტონი თბილისთან პარტნიორობით და საქართველოს მხარდაჭერითაა დაინტერესებული – 43%-დან 36%-მდე.
აგრეთვე შემცირებულია იმ მოქალაქეთა წილი – 32%-დან 29%-მდე, ვინც ამბობს, რომ აშშ-ს სურს საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო ბაზად გამოყენება.
გაზრდილია მათი წილი, ვინც უარი თქვა პასუხზე, ან არცერთ ზემო დებულებას არ ეთანხმება.
განახლება: „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებულ ქვეთავში კვლევის მონაცემები ტექსტში არასწორად იყო მოყვანილი. 13:05 საათისთვის შეცდომა გასწორდა. „ნეტგაზეთი“ ბოდიშს უხდის მკითხველს.
კვლევა ჩატარებულია USAID-ის მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“. ჩატარდა 2 757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.
გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, წარმომადგენლობითია მთელი საქართველოსთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4%.
აგრეთვე, 10-14 მარტს ჩატარდა დამატებითი 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2.6%.
