ახალი ამბები

ISW: ტატარსკის მკვლელობა შეიძლება შიდა გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის

3 აპრილი, 2023 • 846
ISW: ტატარსკის მკვლელობა შეიძლება შიდა გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსი სამხედრო პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის (ნამდვილი სახელი – მაქსიმ ფომინი) მკვლელობა შეიძლება გაფრთხილება იყოს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლისთვის, ევგენი პრიგოჟინისთვის.

ინსტიტუტის შეფასების თანახმად, ტატარსკის (რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს) მკვლელობა შეიძლება აჩვენებდეს მზარდ კონფლიქტებს რუსულ სახელისუფლებო ელიტებში.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი მკვლელობაში უკრაინას ადანაშაულებს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „არ ადანაშაულებს კიევის რეჟიმს“ და აღნიშნა, რომ შეტევების უკან შეიძლება იდგნენ რადიკალები, რომლებიც არ არიან კავშირში უკრაინის მთავრობასთან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც ამბობს, რომ ფომინის მკვლელობა რუსეთში შიდა ბრძოლების შედეგი იყო.

როგორც ISW წერს, ტატარსკი და სხვა, როგორც მათ უწოდებენ „სამხედრო ბლოგერები“, „პუტინის ომისთვის ძალიან საჭირო ჯგუფია“, რომელიც არა მარტო ომს აშუქებს, არამედ დაკავებულია მოხალისეების რეკრუტირებით და ომის სხვაგვარი მხარდაჭერით. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს ხსნის იმას, რომ პუტინი „მათ [კრიტიკას] ითმენდა“, მაგრამ ფომინის მკვლელობა შეიძლება აჩვენებდეს, რომ პუტინის მოთმინებაც შეიძლება იწურებოდეს.

ამასთან ერთად, კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ტატარსკი პრიგოჟინთან ახლო ურთიერთობის გამო მოკლეს, თანაც იმ კაფეში, რომელიც „ვაგნერის“ დამფუძნებელს ეკუთვნის.

„ტატარსკის მკვლელობა შეიძლება იყოს გაფრთხილება პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის რიტორიკას ომის შესახებ და ირიბად მიანიშნებს, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტობა.

ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის შესახებ იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი