საზოგადოება

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

5 მაისი, 2023 • 1522
„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ.

„გამომყავს ვაგნერის ჯგუფის დანაყოფები ბახმუტიდან, ვინაიდან ტყვია-წამლის არქონის პირობებში ისინი განწირულნი არიან უაზრო დაღუპვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან:

„2023 წლის 9 მაისისთვის უნდა აგვეღო ბახმუტი, მაგრამ ამის მცოდნე ბიუროკრატებმა 1 მაისიდან  გზა გადაგვიკეტეს… პრაქტიკულად ყველანაირი წვდომა [შეგვიზღუდეს] არტილერიულ ტყვია-წამალზე.

„ვაგნერის“ შეტევითი რესურსები ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ამოიწურა, მაგრამ მაინც მივდივართ წინ, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ხუთჯერ აღგვემატება ძალით. ტყვია-წამლის არქონის გამო, ჩვენი დანაკარგები ყოველდღე, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“, – ამბობს პრიგოჟინი.

გვიან ღამით პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი