საზოგადოება

საქართველოში ბავშვების 37.8% გაჭირვებაში ცხოვრობს — კვლევა

20 აპრილი, 2023 • 1524
საქართველოში ბავშვების 37.8% გაჭირვებაში ცხოვრობს — კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდისა და “საქსტატის” კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 37.8% გაჭირვებაში ცხოვრობს — აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი. მაჩვენებლები განსხვავდება ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის.

“ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა” სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევითი სამუშაოები 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდა.

ავტორთა განმარტებით, ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით. მათ შორისაა საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა თუ სხვა.

თუმცა „მატერიალური და სოციალური დანაკლისი“ განსხვავდება აბსულუტური სიღარიბისგან, რომელიც სხვა კრიტერიუმებით იზომება.

აქვს თუ არა ბავშვს ხსენებული დანაკლისი, “საქართველოს ბავშვთა დანაკლისის ინდექსის” მეშვეობით იზომება. ინდექსი 16 საჭიროებისგან შედგება. ესენია:

მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან სულ მცირე სამი საჭიროებით.

კვლევის თანახმად, დანაკლისი აღენიშნება სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს (47.1%), ხოლო ქალაქში ეს მაჩვენებელი 31.2%-ში ფიქსირდება. ასევე, მეტი ალბათობით, მატერიალური და სოციალური დანაკლისი უფრო დიდია გოგოებში (39.1%), ვიდრე ბიჭებში (36.7%).

კვლევის მიხედვით, სოციალური და მატერიალური დანაკლისი ბავშვებზე სხვადასხვა ფორმით აისახება. მაგალითად, ავტორთა მიხედვით, დანაკლისის მქონე ბავშვებს თითქმის ოთხჯერ მეტი ალბათობით შეიძლება ჰქონდეთ ფუნქციური სირთულე(10.5%), ვიდრე მის არმქონე ბავშვებს (2.8%).

განსხვავება ნათელია სასკოლო საათებში კვების შემთხვევაშიც: სასკოლო საათებში არ იკვებება მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების 44.9%, ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვთა შორის კი ეს მაჩვენებელი 28.4%-ია.

ამასთან, ბავშვებს, ვისაც არ აქვთ მატერიალური და სოციალური დანაკლისი, სამჯერ და მეტად მაღალი ალბათობა აქვთ, ჰყავდეთ კერძო მასწავლებელი (25.3%), ვიდრე მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს (9.3%).

“დანაკლისის სიხშირეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები.

მაგრამ შესაბამისი მაჩვენებლები ხორციანი ან მისი ექვივალენტური ვეგეტარიანული საკვების ყოველდღიურად მიღებისთვის არის 24.4%, ხოლო ბავშვის ასაკის შესაბამისი სათამაშოების ან საოთახო თამაშების შემთხვევაში – 31.2%”, — ამბობენ ავტორები.


კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ჯანდაცვის სამინისტროსთან) და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით და მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემეთა მოგროვება, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. კვლევის შედეგები არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად რეგიონებში მაცხოვრებელი ბავშვების რეპრეზენტატული. ანგარიშის მთავარი სამიზნე აუდიტორია არის ბავშვებისთვის სხვადასხვა მომსახურების გამწევი დაინტერესებული მხარეები, რომელთა შორისაც არიან შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლებები, ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად – ფართო საზოგადოებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი