ახალი ამბები

დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა — ამილახვარი

13 ნოემბერი, 2023 • 1336
დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა — ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელია ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდება.

ამის შემდეგ, მინისტრის თქმით, შეიძლება ბავშვთა კვების მოდელის შერჩევა.

„ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. პირველად ეს არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი, ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ უკვე გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ თქვენ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს“, — განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რასაც ახლა ახორციელებს.

„როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გვარდება, შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა“, — თქვა მან და დასძინა, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მთავარი წინაღობა ფინანსური და სოციალური პრობლემა არ არის.

სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს, მინისტრის თქმით, მთავრობა ისედაც ეხმარება 200-ლარიანი პაკეტით ყოველთვიურად.

„აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო და ეს რომ გავაკეთოთ ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, მთავარია გვქონდეს ინფრასტრუქტურა. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, სადაც შესაძლებელია ამის პირველ ეტაპზე დაწყება. აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, (ზუსტი სახელი არ მახსოვს), რომელიც ევროკავშირის ეგიდით არის დაფუძნებული და რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა. ეს ორგანიზაცია სწორედ ბავშვების სკოლაში კვების მეთოდოლოგიაზე მუშაობს და ეხმარება სახელმწიფოებს. გვინდა საერთაშორისო პრაქტიკაც გავიზიაროთ“, — განაცხადა ამილახვარმა.

მან დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მშობელთა ასოციაციის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით განახლდება მინისტრის ბრძანება სკოლაში მოქმედი ბუფეტებში არსებული სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

“იქ, სადაც ახლა უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, სადაც ეს შესაძლებელია, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს გვაქვს. ამიტომ უახლოეს მომავალში ყველა უწყების, მათ შორის მშობელთა ასოციაციის ჩართულობით და კონსულტაციით ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში.

„ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ არსებულ ბუფეტებში რა სიტუაციებიც გვაქვს გამოსწორდეს და შემდეგ უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე — სადაც არ გვაქვს [ბუფეტი], იქ შევქმნათ“, — დასძინა გიორგი ამილახვარმა.


სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“. მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“.

საქართველოს ხელისუფლება 2021 წელსვე ამბობდა, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება — კვლევა

როგორ დანერგეს ჩხოროწყუს სკოლაში ექსპერიმენტული სასკოლო კვება

https://batumelebi.netgazeti.ge/news/451546/

მასალების გადაბეჭდვის წესი