საზოგადოება

ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არა ჩემი, არამედ ალეკოს ნათესავია – იოსელიანი მოადგილეზე

5 აპრილი, 2023 • 1657
ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არა ჩემი, არამედ ალეკოს ნათესავია – იოსელიანი მოადგილეზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილის მის მოადგილედ დანიშვნა ნეპოტიზმი არ არის, რადგან ის ელისაშვილის ნათესავია და არა მისი. ამის შესახებ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

იოსელიანის თქმით, ნათია ჯულაყიძე მოადგილედ მისი პროფესიონალიზმის გამო დანიშნა და არა ალეკო ელისშვილის ხათრით.

„ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ერთ-ერთი ჩემი მოადგილე და ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც დაკავშირებულია ამასთან, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დავიწყოთ იქიდან, რომ მე თვითონ ვიყავი პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ისიც ამ პარტიასთან იქნებოდა რაღაცით დაკავშირებული.

ისევე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია, მე აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად, არც მე, არც მას არანაირი კავშირი აღარ გვაქვს პოლიტიკასთან. ეს დანიშვნა არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი და, მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი, კომპეტენტური და მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გაართმევს თავს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ის ადამიანები, ვინც ნათია ჯულაყიძეს აბულინგებნენ, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ.

„ამისთვის რაღაც კუდის მობმა ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, რადგან მე არც ალეკოს ხათრით, არავის ხათრით არ დავნიშნავ არავის. პირველ რიგში, ვნიშნავ იმიტომ, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც დამეხმარება, ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე რომ მივაღწიოთ შედეგებს.

180 ადამიანი მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, ასე რომ გამოიძიოთ, შეიძლება ვიღაცები აღმოჩნდნენ რომელიღაც პოლიტიკოსის ნათესავები. ეს ხომ არ არის ადამიანის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი, ვინც მასზე რაღაცას წერდა და რაღაცნაირად აბულინგებდა კიდეც, ძალიან მალე მიხვდება, რომ ცდებოდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ყოფილმა წევრმა და მოქმედმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ მისი ყოფილი თანაპარტიელი და ალეკოს ელისაშვილის დისშვილი ნათია ჯულაყიძე დანიშნა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნის გამო უხერხულობას არ გრძნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი