ახალი ამბები

ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია – ელისაშვილი

5 აპრილი, 2023 • 3026
ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნის გამო უხერხულობას არ გრძნობს. ამის შესახებ მან 4 აპრილს „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

პარტია „მოქალაქეების“ ყოფილმა წევრმა და მოქმედმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ მისი ყოფილი თანაპარტიელი და ალეკოს ელისაშვილის დისშვილი ნათია ჯულაყიძე დანიშნა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ლევან იოსელიანის მიერ ნათია ჯულაყიძის მოადგილედ დანიშვნა ნეპოტიზმი არ არის.

„ნეპოტიზმი არის, როცა აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, ამის გამო წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრა, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა და ებარა, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია.

მილიონი ნათესავი მყავს, არასოდეს არავინ არსად დამინიშნავს და რეკომენდაცია არ გამიწევია და მათ შორის არც ჩემი დისშვილი. დაუძახე ჩემს დისშვილს, ჰკითხე, სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი დისშვილი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და ომბუდსმენის მოადგილედ მის დანიშვნის პროცესში არ ჩარეულა.

„ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი თუ არის, ამიტომ არ უნდა ჰქონდეს გასაქანი ამ ცხოვრებაში?! აბსოლუტურად დამოუკიდებელია ბავშვობიდან, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მე რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია… ნათია ისეთი თავდაჯერებული და დამოუკიდებელია, რომ ძალიანაც არ უყვარს ასეთი რაღაცები… ბუნებამ გადაწყვიტა ასე და ნათიამ, საქართველოში იყო თუ უცხოეთში აბსოლუტურად თვითონ შეძლო ყველაფერი.

მე არანაირ [უხერხულობას] არ ვგრძნობ. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მე ვუთხარი, რომ არ მინდა, პარტიიდან რომ წახვიდე-მეთქი, ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, ძალიან შრომისმოყვარეა, მაგრამ ლევანმა შესთავაზა და ვუთხარი, თქვენი გადასაწყვეტია-მეთქი. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილი რომ არის, ამიტომ უხერხულად რატომ უნდა ვრგძნობდე თავს?!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი