საზოგადოება

კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მანიპულირებს

4 აპრილი, 2023 • 1318
კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მანიპულირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს.

ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს რინკევიჩის განცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც ევროინტეგრაციისთვის ფორმალური კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის, თუ არ იქნა „ღირებულებათა ევროპული სული, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“. კობახიძემ თქვა, რომ მთავარი, როგორც ჩანს, საქართველოს უკრაინიზაციაა. „ქართული ოცნება“ „საქართველოს უკრაინიზაციას“ უწოდებს მეორე ფრონტის გახსნის და ქვეყნის აოხრების გეგმას, რომელიც, მისი მტკიცებით, აქვთ გლობალური ომის პარტიას და საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას.

„ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ იმედია, უკრაინა 2050 წელს მიიღებს ევროკავშირის წევრობასო. არ ვიცი, ასეთ განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. უკრაინა, რომელიც ამხელა პრობლემებში არის გახვეული და მას ეუბნები, რომ 2050 წელს, ალბათ, მიიღებს ევროკავშირის წევრობას. არ შეიძლება ასეთი არასწორი განცხადებების კეთება. რაც შეეხება საქართველოს უკრაინიზაციას, მე ყველას შემიძლია დავპირდე, რომ ეს არ მოხდება. კონკრეტულ ძალებს უნდათ უკრაინიზაცია, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე მანიპულირებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით. ედგარს რინკევიჩმა თქვა არა ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2050 წელს ელოდება, არამედ მანამდე. განცხადება, რომელზეც კობახიძე აპელირებს და რომელიც ქართულ მედიაშიც გაშუქდა, ედგარს რინკევიჩმა RTVI-სთან 2022 წლის 21 ივნისის ინტერვიუში გააკეთა.

“რა თქმა უნდა, უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდება ერთ წელიწადში ან ერთ კვირაში. მაგრამ ვიმედოვნებ, არც ასწლეულის შუაში — მე ვფიქრობ, უფრო ადრე“, — განაცხადა რინკევიჩმა.

ლატვია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი