საქართველოს პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა იყო.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებასა და მანქანის დაწვაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს სასამართლომ გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც პარლამენტთან აქცია სპონტანურად დაიგეგმა.
ბესო ჯღარკავამ, აქციის ორგანიზატორმა, ნეტგაზეთს უთხრა, რომ პოლიციამ უნდა შეწყვიტოს იმ ადამიანების დევნა, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ. მისი თქმით, მარტის აქციების დროს სწორედ სახელმწიფომ დაიწყო ძალადობა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა ხალხის საპასუხო რეაქცია.
“ინდივიდუალურად ყველას მოგვყვებიან და დაგვაშინებენ, მაგრამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება”, – უთხრა ნეტგაზეთს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე.
ხმალაძე თავადაც იყო დაკავებული მარტის აქციებზე ადმინისტრაციული წესით.
ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია გაიმართება ხვალ, შაბათს, 20 საათზე, ამჯერად უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის ორგანიზატორები არიან “ევროპული საქართველო”, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი.
“ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო მისი დემონიზება იოლი იქნებოდა. ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომლებიც პოლიციას ქვებს ესვრიან ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად წირავენ! მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ! შაბათს, 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.
აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ
2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა.
მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.
ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.
საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.
თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.