საზოგადოება

რესპუბლიკურის თანამშრომლები საავადმყოფოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ

27 მარტი, 2023 • 1020
რესპუბლიკურის თანამშრომლები საავადმყოფოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ითხოვენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, აპირებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი კლინიკის აშენებას.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ ადგილზე მისულ მედიას განუცხადა, რომ მათ აინტერესებთ კონკრეტული გეგმა კლინიკის რეაბილიტაციასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„რამდენადაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა შესაძლებელია, ამ კვირაში მოხდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ იგივე პოზიციას აფიქსირებს, რომ აქ სამკურნალო პროცესი უნდა შეჩერდეს და რაღაც კონკურსების, სამწლიანი პერიოდის მერე შეიძლება განახლდეს. ეს ცოტა შეურაცხმყოფელიც იყო და გაურკვეველიც. ამდენი ადამიანი 3 წელი სად წავა, სად იმუშავებს, გაუგებარია. როგორც მოისმინეთ, მინისტრის უშუალო გადაწყვეტილება იყო, რომ აქ უნდა გაჩერდეს სამკურნალო პროცესი. გაჩერებულ სამკურნალო პროცესში კი თანამშრომელი როგორ იმუშავებს?“, — უთხრა ჟურნალისტებს გიორგი დუნდუამ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ასეულობით თანამშრომელი, მათ შორის ექიმები, ექთნები და ა.შ. კლინიკის მეორე სართულზე არიან შეკრებილი. მათ მოთხოვნებს შორისაა ხელმძღვანელის, ზაზა ავალიანის მოხსნა, რომლის კარზეც დატოვეს წარწერა „ნგრევის დირექტორი“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ სრული რეაბილიტაციის გარეშე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 2025 წლისთვის დაუსახა.

აზარაშვილის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძვირადღირებულ ადგილზეა განთავსებული.

კლინიკის თანამშრომლების სახელით გასულ კვირას გავრცელდა განცხადება, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაანგრიოს რესპუბლიკური საავადმყოფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი