ახალი ამბები

„არა მონობას“ – პარლამენტთან სავალდებულო ჯარის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

11 მარტი, 2023 • 2758
„არა მონობას“ – პარლამენტთან სავალდებულო ჯარის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დღეს, 11 მარტს, პარლამენტის წინ სამხედრო სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ პარტია „გირჩის“ და მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ აქცია – „არა მონობას!“ – გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახდეს.

პარლამენტში კი თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებს, მათ შორის „ბიბლიური თავისუფლებისას“, სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნებათ და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

„სინამდვილეში ძალიან ცოტაღა დარჩა იმისთვის, რომ ეს კანონი, რაც შემოტანილია, გახდეს მორალური და სწორი. სავალდებულო უნდა ამოვიღოთ და ვინც ჯარში წავა, წესიერი ხელფასი მივცეთ. აი, მანდ მორჩება ჩვენი მხრიდან პროტესტი, ბიბლიური თავისუფლება აზრს დაკარგავს და ეკლესიას თუ ვეჩხირებოდით თვალში, აღარ გავეჩხირებით და სწორ, ადამიანურ წესრიგს მივიღებთ. ეს გვინდა მართლა და არავის ჯინში არ ვდგავართ“, – განაცხადა ნეტგაზეთთან „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ.

ჰერმან საბოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს და თავდაცვის კოდექსი ძალაში შევა, ისინი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

„ჩვენ, „გირჩელები“ და ის ადამიანები, ვინც შემოგვიერთდებიან, ვეცდებით, რომ ყველა იმ საჯარო თუ სამოქალაქო სამსახურს, სადაც ამ ადამიანებს ძალით წაიყვანენ, ჯერ ლაპარაკით გადავათქმევინოთ და არ მივაღებინოთ ეს ხალხი. თუ ეს არ მოხერხდება, მერე სამოქალაქო დაუმორჩილებლობით და სხვადასხვა პიარაქციით ხაზი გავუსვათ და ადამიანები დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება ადამიანი ძალით ამუშაო თუნდაც ალტერნატიულ სამსახურში.

დაუმორჩილებლობა შეიძლება ბევრი ფორმა მიიღოს, აქციები იქნება თუ საინფორმაციო კამპანიები, შეიძლება პიკეტირებაც კი, გააჩნია რა სიმძიმით დაგვიდგება სიტუაცია. ჩვენ მზად ვართ, რაზეც დავინახავთ, რომ ზურგი გვაქვს ადამიანებისგან, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

თავდაპირველად, თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებსაც უნდა შეხებოდა. თუმცა „გირჩის“ აქციის წინა დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათავდაცვის ახალი კოდექსით სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.

ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

მასალების გადაბეჭდვის წესი