საზოგადოება

რა მოხდა 8-9 მარტის აქციის ღამეს – ქრონოლოგია

9 მარტი, 2023 • 4371
რა მოხდა 8-9 მარტის აქციის ღამეს – ქრონოლოგია

8 მარტს საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებდნენ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას და მის გაწვევას ითხოვდნენ.

აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები პარლამენტიდან რუსული კანონის გაწვევას ითხოვდნენ, შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთ საათს აძლევდა ორი მოთხოვნის შესასრულებლად.

ულტიმატუმის თანახმად „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ უნდა გაეხმო რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან და გაეთავისუფლებინა ყველა დაპატიმრებული, რომელიც 7 მარტის აქციაზე უკანონოდ დააკავეს.

მალევე აქციაზე გამოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ერთსაათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა.

“გთავაზობთ, მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და შემოვარტყათ ალყა“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.  ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს.

სიტუაცია დაიძაბა პარლამენტის ზედა შესასვლელთან. მომტინგეებმა მოანგრიეს პარლამენტის კართან დამონტაჟებული რკინის ჯებირი, რის შემდეგაც პარლამენტის შიგნით მყოფმა სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები.

დაახლოებით 8 მარტის ღამის 10:30 საათისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, პოლიციამ მოქალაქეების დაშლა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო.

პოლიცია მოქალაქეებს წყლის ჭავლით შლის

დაახლოებით თორმეტი საათისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის კვლავ შეტაკებები დაიწყო. წყლის ჭავლით დაშალეს ჩიტაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მყოფი მომიტინგეები. ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია არბევდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ყოველ ჯერზე, როდესაც გაზს უშვებდნენ, მოქალაქეები დროებით გაერიდებოდნენ ხოლმე პარლამენტის შენობას და მერე უკან ბრუნდებოდნენ.

უკვე 9 მარტს ქრონოლოგიურად მოვლენები ასე ვითარდებოდა.

9 მარტის დაახლოებით 1:00 საათისთვის პოლიციამ სირენები ჩართო და ასე სცადა ეიძულებინა აქციის მონაწილეები დაეტოვებინათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. წასვლის ნაცვლად აქციის მონაწილებმა სირენების ხმაზე ცეკვა დაიწყეს და ასე გაპროტესტეს ძალოვანი უწყების ქმედებები.

9 მარტი, 02:25 საათი

9 მარტი, 03:02

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტს რეზინის ტყვიები ესროლეს.

9 მარტი, დილის 04:00 საათი

რუსთაველის გამზირზე კვლავ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ამ გზით სცადეს იქ დაბრუნებული მომიტინგეების დაშლა.

9 მარტი, დილის 4 საათი 

სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაარბია. მოგვიანებით მომიტინგეებმა ავტომობილი დაწვეს. ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლის კერიდან 100 მეტრში მობილიზებული იყო პოლიციის წყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანები, მაგრამ ხანძარს არავინ აქრობდა.

კადრებში, რომელსაც მთავარი არხი ავრცელებს, ჩანს, რომ ჟურნალისტი ურეკავს სახანძროს და ხანძრის ჩაქრობას სთხოვს.

9 მარტი, დილის 6 საათი

პოლიციამ კიდევ ერთხელ გამოიყენა აქციის მონაწილეებისადმი წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და მათი დაკავება დაიწყო პირდაპირ ქუჩებსა და სადარბაზოებში.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტების ქუჩა-ქუჩა დევნა და დაკავება დაიწყო, დროებით გათავისუფლდა რუსთაველის გამზირი. სპეცრაზმი და პოლიცია მომიტინგეებს პარლამენტიდან მეტრო რუსთაველამდე გაჰყვა. დაახლოებით დილის 7 საათისთვის, როდესაც პოლიციამ ჩათვალა, რომ უკვე აქცია დაშლილი იყო, პროტესტის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რუსთაველზე ისევ დაბრუნდა. პოლიცია ამ ჯგუფს განსაკუთრებული სისასტიკით მიუდგა. აქტივისტთა ნაწილი სუპერმარკეტებში დააკავეს, ნაწილი ქუჩაში, ასფალტზე დააგდეს.

პოლიცია ჟურნალისტებს სისტემატურად უშლიდა ხელს მუშაობაში და ასე ცდილობდა, ოპერატორებს არ გადაეღოთ დაკავების ამსახველი კადრები.

“არა რუსულ კანონს” – საპროტესტო ტალღა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი