საზოგადოება

მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის პასუხის მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ

6 მარტი, 2023 • 944
მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის პასუხის მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დასკვნას დადებს ვენეციის კომისია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მაინც მიიღებენ.

მმართველი გუნდი აპირებს მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგი, რაც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან

მმართველი პარტიის დეკლარირებული პოზიციაა, რომ ზემოხსენებულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის ორივე ვარიანტს ჯერ პირველი მოსმენით მიიღებენ, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

დღეს, 6 მარტს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გურამ მაჭარაშვილმა დაადასტურა, რომ ვენეციის კომისიის პასუხი ზეგავლენას არ იქონიებს კანონის მიღება/არმიღებაზე.

კითხვა, რა შეიცვლება, თუ ვენეციის კომისია ზემოხსენებულ კანონპროექტებს ნეგატიურად შეაფასებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ დასვა.

„ჩვენ გვინდა, რომ რაღაცნაირად ეს კომპლექსი ყველამ ერთად მოვიცილოთ, რომ აუცილებლად, თუ გვეტყვიან ჩვენი პარტნიორები… მიუხედავად იმისა, რეალობაში რა ხდება – გავაკეთოთ ისე, როგორც ისინი იტყვიან. ეს არ არის სუვერენული ქვეყნის მიდგომა, ვენეციის კომისია ეს არ არის ის უწყება, რომ თქვას საწინააღმდეგო, ჩვენ შევაჩეროთ კანონის მიღება. ვენეციის კომისიაში ჩვენ ვაგზავნით იმიტომ, რომ მივიღოთ იქიდან დასკვნები, მივიღოთ რეკომენდაციები, რომელიც არაერთი გაგვითვალისწინებია, ქალბატონო ლიკა, და ბევრს არც თქვენ დათანხმებიხართ, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით, რომ უმაღლესი საბჭოს წევრები არა პარლამენტს, არამედ იუსტიციის საბჭოს უნდა დაენიშნა“, – ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციებს აგზავნის, მაგრამ – „ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სავალდებულო. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ამას, ვენეციის კომისიას.“

„ეს შიშის კომპლექსი მოვიხსნათ, რა“, – დასძენს მაჭარაშვილი.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი