საქართველოს დიპლომატიური კორპუსის არაერთი წარმომადგენელი წლების განმავლობაში თანამშრობლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხმარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მიენიჭოს „უცხოური ძალის“ ან/და „უცხო ძალის ინტერესების გამტარის“ სტატუსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ასახული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კანონით განსაზღვრულ ჩამონათვალს 6 ელჩის წარსული საქმიანობა შეიძლება მიესადაგოს.
გასულ წელს, რუსული კანონის პირველად ინიციირებისას „ნეტგაზეთი“ საელჩოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ნაწილს პირადადაც) ყველა მათგანს დაუაკვშირდა და ეცადა გაეგო დიპლომატების პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენს კითხვებს არცერთი მათგანი არ გამოხმაურებია. ელჩებს პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით არც წელს, რუსული კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ დაუფიქსირებიათ.
მათ შორის არიან:
1.ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს ელჩი ავსტრიაში/მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
- 1996-1998 — გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების (UNOY) პროექტების ასისტენტი;
- 1998 — სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე;
- 2000-2001 — უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI), მიწვეული მკვლევარი, ფლენსბურგი, გერმანია;
- 2001-2002 — ჰამბურგის უნივერსიტეტის(გერმანია) ეუთო-ს კვლევის ცენტრი (CORE), მიწვეული მკვლევარი;
- 2002 — ნატოს საპარლამენტო ასამბლეა,პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველო, მკვლევარი-თანაშემწე, ბრიუსელი, ბელგია;
- 2002-2004 — კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი;
- 2007—2009 — ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსი საქართველოში;
- 2002—2011 — ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;
- 2011—2012 — ლიბერალური აკადემია, თბილისი-ევროპული ინიციატივა, დირექტორი;
- 2012 — აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
2. დავით ზალკალიანი
საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
- 2015 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (დონორებისა და პარტნიორების გვერდზე ფონდს მითითებული აქვს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, UNDP, Europe Foundation, NED, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და სხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები).
3. ლევან იზორია
საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი;
- 2003-2004 — წლებში გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
4. სოფიო ქაცარავა
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.
- 2005-2016წწ — დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი.
5. გიორგი შარვაშიძე
საქართველოს ელჩი სომხეთში, თსუ-ის ყოფილი რექტორი
- 2002-2003 — განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი;
- 2003-2004 — ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი;
- 2004-2013 — ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP).
6. ირაკლი ხუცურაული
საქართველოს ელჩი ფინეთსა და შვედეთში
- 1995-1997 — საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი.
განახლება: სტატია განახლდა 2024 წლის 8 მაისს
რა ხდება?
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა. მაშინ, როცა მომიტინგეები სახლებისკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე უცნობი პირი მათ თავს დაესხა — როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროვოკატორები იყვნენ. შსს-ს აღნიშნულ ინციდენტზე არც თავად გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ნეტგაზეთის კითხვებს უპასუხა.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.