ახალი ამბები

ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავდივარ – მორგოშია

5 ოქტომბერი, 2022 • 976
ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავდივარ – მორგოშია

პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” და “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ ბიზნესაქტივობით რუსეთში გადადის. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა, მოგვიანებით კი მორგოშიამ ეს ინფორმაცია ნეტგაზეთსაც დაუდასტურა.

როგორც მორგოშიამ ნეტგაზეთს უთხრა, რუსეთში სამშენებლო ბიზნესის დაწყებას გეგმავს.

“რაღაც პერიოდი იქ ვიქნები, რაღაც პერიოდი აქ. რამდენიმე კვირა იქ [რუსეთში], რამდენიმე კვირა აქ. როგორც საქმეს მოუხერხდება”, – თქვა მორგოშიამ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად მორგოშიამ რუსეთში “ბიზნესისთვის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობა” დაასახელა,:

“ფაქტობრივად, უკვე დავასრულე მოლაპარაკებები და ბიზნესაქტივობით გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში… იმიტომ, რომ ჩემი ბიზნესისთვის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია [რუსეთში]”, – უთხრა მორგოშიამ ტვ პირველის ჟურნალისტს.

მისი თქმით, “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს.


“კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფომ”. ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის საწინააღმდეგო, ძალადობრივი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

“კონსერვატიული მოძრაობა” აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. მიმდინარე წლის იანვარში კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით გაიმართა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრორუსული პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი