საზოგადოება

“ალტ-ინფოს” პარტია 217 ათასი ლარით დაჯარიმდა

6 ივნისი, 2022 •
“ალტ-ინფოს” პარტია 217 ათასი ლარით დაჯარიმდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 217 482 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:

  • “პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება იმის შესახებ, თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა, როგორც გახსოვთ, ოფისების დიდი ნაწილი მათ სწორედ დეკემბერში გახსნეს.
  • შემოწირულებების დამალვა – საუბარია არაფულადი შემოწირულების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე, პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა (ანუ ჯერ ოფისი გახსნეს, და ხელშეკრულება მოგვიანებით გააფორმეს). ჯამში, დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია”, – განგვიცხადეს აუდუტის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით პარტიას ეკისრება დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა, კოკა მორგოშიამაც. მან ტელეკომპანია პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, პარტია ჯარიმას გადაიხდის:

“ზუსტად არ მახსოვს, ან 218 ან 220 ათასი ლარია და გამოგვიტანეს [სასამართლო გადაწყვეტილება], თითქოს არასწორი ხარჯვის თუ რაღაც ასეთის [გამო]. ყველაფერი ჩანდა. ერთადერთი მანდ თემა ჰქონდათ რემონტთან დაკავშირებით, რომელიც ზოგმა მეიჯარემაც გაარემონტა და თითქოს რაღაცა… შარი მოგვდეს, მოკლედ რომ გითხრათ. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუქნციონირება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ თუ ბოლო-ბოლო მაინც მიიღებენ ამის გადახდის ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს”, – განაცხადა მორგოშიამ.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

რა ფულით ქირაობს ალტ-ინფოს პარტია ოფისებს

მასალების გადაბეჭდვის წესი