საზოგადოება

პროვოკაცია იყო… „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ სხვა, შემთხვევის ამბავია – ვოლსკი ბერძენიშვილის ლექციაზე

17 იანვარი, 2023 • 1173
პროვოკაცია იყო… „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ სხვა, შემთხვევის ამბავია – ვოლსკი ბერძენიშვილის ლექციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ყვარელში ლექციის ჩატარება დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ვოლსკის თქმით, მსგავს პროვოკაციას „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, შემთხვევის ამბავია.

„რაც შეეხება ლექციის ჩაშლას, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე ადვილად წამოეგო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. რასაკვირვევლია, არა მარტო კახელებისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს.

ამ ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც, რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს „ალტ- ინფო“, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ბერძენიშვილს ისტორიული მოვლენების შეფასებაში, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


15 იანვარს ყვარელში, უსაფრთხოების ზომების გამო, ორგანიზატორებს მოუწიათ, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაეუქმებინათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა უთხრა ნეტგაზეთს, უცხო პირები ნახევარი საათით ადრე “კოორდინირებულად” მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ლექცია უნდა გამართულიყო და შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს:

“ისინი იდგნენ და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია, რომ მიდიხარო?! ძირითადად ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ…იძახდნენ, ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ, თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული. მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, – განაცხადა ნიკა გურინმა.

პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს “ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” კახეთის განყოფილების წევრებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი