საზოგადოება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით

14 დეკემბერი, 2022 • 1672
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით

ევროპარლამენტმა 430 ხმით 52-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამ მხრივ რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის საკითხის გადაჭრას სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით.

რეზოლუციის ტექსტში შევიდა ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის (EPP) შესწორება ბიძინა ივანიშვილის სანქიცრებასთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის გაუარესებაზე“, — ნათქვამია შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტმა 275 ხმით, 212-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში ასევე შევიდა ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის (EPP) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) მიერ ინიცირებული შესწორება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ. აღნიშნული ცვლილებებით შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად. შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.

„თუ ბრალდებები დადასტურდება, მოვუწოდებთ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია შესწორებაში, რომელსაც 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 128-ის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მედიის წარმომადგენლების, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს. ამ კონტექსტში რეზოლუცია ასახელებს ნიკა გვარამიას საქმეს, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მფლობელების და დამფუძნებლების მიმართ საქმეებს.

ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასადმი საეჭვო ბრალდების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი საქმესთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან საქმე არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ისე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიზნით.

რა წერია რეზოლუციაში, ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიცირებულია შესწორება ივანიშვილის სანქცირების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი