საზოგადოება

რა ვიცით მორალის პოლიციის “გაუქმებაზე” ირანში

5 დეკემბერი, 2022 • 1399
რა ვიცით მორალის პოლიციის “გაუქმებაზე” ირანში

ე.წ. მორალის პოლიციის “დახურვის” შესახებ ირანის გენერალური პროკურორის განცხადება საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშუქდა, თუმცა კვლავაც ბუნდოვანია, რა ბედი ელის ხსენებულ სტრუქტურას.

პროტესტი, რომელიც ირანში მესამე თვეა, არ წყდება, სწორედ “მორალის პოლიციის” მიერ დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ გაჩაღდა.

სათუოა, რომ ხსენებული სტრუქტურის გაუქმება — რომც დადასტურდეს — შეაჩერებს დემონსტრაციებს, რომელთა დროსაც მრავალგზის გაისმა მოწოდებები მთლიანად რეჟიმისა და მისი ლიდერის დამხობისკენ.

რა არის “მორალის პოლიცია”

“მორალის” პოლიცია”, სხვადასხვა ფორმით, ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების(1979 წ.) შემდეგ არსებობდა, თუმცა 2006 წელს, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის დროს, დაფუძნდა მისი ამჟამინდელი ვერსია, სპარსულად — “გაშთ-ე-ერშად”.

სტრუქტურა, რომელიც ირანის საპოლიციო ძალის დანაყოფია, წარმოადგენს მთავარ ინსტიტუციას მოქალაქეთა მიერ ისლამური ჩაცმულობის ნორმების დაცვის გასაკონტროლებლად.

ხსენებული ნორმების ფარგლებში ქალებს მოეთხოვებათ, ატარონ სამოსი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს. “მორალის პოლიციის” სამიზნეც, პირველ ყოვლისა, ქალები არიან.

პოლიციელი ქალს ესაუბრება მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი “შეუსაბამო” ჩაცმულობისთვის დააკავეს. ფოტო: Behrouz Mehri/AFP

სწორედ ისლამურ სამოსთან დაკავშირებულ რეგულაციებთან შეუსაბამობის ბრალდებით დააკავეს სექტემბერში მაჰსა ამინი: 22 წლის ქურთი ქალი, რომლის დაღუპვამაც საპროტესტო ტალღა ააგორა.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

AP News-ის თანახმად, სექტემბრიდან — როცა აქციები დაიწყო — ვრცელდება ცნობები ქუჩებში “მორალის პოლიციის” რაოდენობის შემცირებაზე, მეორე მხრივ კი — თავსაბურავის გარეშე მოსიარულე ქალების რიცხვის ზრდაზე.

მეორე მხრივ, ირანში მოქმედი რეფორმატორული გაზეთი “ჰამიჰან” იუწყება, რომ დედაქალაქ თეირანისგან განსხვავებით, სხვა, განსაკუთრებით, რელიგიურ ქალაქებში, მორალის პოლიციის წარმომადგენლობა გაზრდილია.

რა თქვა გენ. პროკურორმა

ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა “მორალის პოლიციის” შესახებ შაბათს ერთ-ერთ რელიგიურ ღონისძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და ის დაიხურა იმავე ადგილიდან, საიდანაც წარსულში აღმოცენდა”, — დასძინა მან ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, ISNA-ს ინფორმაციით.

მეორე მხრივ, მონთაზერიმ ხაზი გაუსვა, რომ “რა თქმა უნდა, სასამართლო აგრძელებს საზოგადოების დონეზე ქცევების მონიტორინგს”.

მოჰამედ ჯაფარ მონთაზერი. ფოტო: Radio Farda/Mizan 

მანამდე, ISNA-ის მიხედვით, მონთაზერიმ ჰიჯაბის კანონთან დაკავშირებით თქვა:

“ძვირფასებო, როცა ქალაქებში ხედავთ [ქალებს] ჰიჯაბის გარეშე, გტკივათ და ეს სწორია, მაგრამ ფიქრობთ, რომ შესაბამისი ჩინოვნიკები ჩუმად სხედან?

როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანი, ვამბობ, რომ მუშაობს პარლამენტიც და სასამართლოც. მაგალითად, გუშინ გვქონდა შეხვედრა პარლამენტის კულტურის კომისიასთან და შედეგებს უახლოეს 1 ან 2 კვირაში ნახავთ”.

ანუ, “მორალის პოლიცია” გაუქმდა?

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გადაჭრით თქმა, რომ ირანმა მართლაც გააუქმა “მორალის პოლიცია”, რომლის ზედამხედველი ორგანოც, როგორც BBC აღნიშნავს, ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროა და არა სასამართლო ხელისუფლება.

გენერალური პროკურორის განცხადებამდე ან მას შემდეგ ეს ცნობა შსს-ს არ დაუდასტურებია და არც შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნებულა.

მეტიც: მას შემდეგ, რაც დასავლურმა მედიამ ფართოდ გააშუქა მონთაზერის ზემოხსენებული კომენტარი, ირანის სახელმწიფო მედიაში საწინააღმდეგო გზავნილები გამოჩნდა.

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია “ალ-ალამ” აცხადებს, რომ “ზოგიერთი უცხოური მედია” შეეცადა, მონთაზერის განცხადება წარმოეჩინა, როგორც “ირანის ისლამური რესპუბლიკის უკან დახევა ჰიჯაბისა და უბიწოების საკითხებში”.

ტელეარხის 4 დეკემბრის მასალის თანახმად, “მაქსიმალური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიდეს” მონთაზერის სიტყვებიდან, არის ის, რომ მორალის პოლიცია არ ყოფილა “დინამიკურად დაკავშირებული” სასამართლო აპარატთან.

ირანში მიმდინარე აქციებზე მრავალმა ქალმა მოიხადა და დადაწვა სავალდებულო თავსაბურავი. ფოტო: AFP via Getty Images 

ხსენებული მედიასაშუალება მონთაზერის რეპლიკის განხილვისას ასევე ხაზს უსვამს, რომ “ისლამურ რესპუბლიკაში არცერთ ოფიციალურ პირს არ დაუდასტურებია მორალის პოლიციის პატრულირების დახურვა”.

ამასთან, ირანში მოქმედი კონსერვატიული გამოცემა SNN მონთაზერის კომენტარის “ბოროტად გამოყენებაზე” საუბრობს, რეფორმატორული გაზეთი “შარყ” კი, BBC-ის ცნობით, წერს, რომ თეირანის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “თავი აარიდა” მის კითხვას “მორალის პოლიციის” გაუქმებაზე.

მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰკითხეს სერბეთში ვიზიტისას. მან არც უარყო და არც დაადასტურა ცნობის სისწორე.

“ირანში ყველაფერი კარგად მიდის, დემოკრატიისა და თავისუფლების ჩარჩოში”, — თქვა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანიმ ირანზე, სადაც, უფლებადამცველთა ცნობით, 2022 წლის პროტესტის მონაწილე ასობით დემონსტრანტია მოკლული.

უკვე ორშაბათს, 5 დეკემბერს, ალი ხანმოჰამადიმ, რომელიც ირანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის შტაბის სპიკერია, თქვა, რომ მორალის პოლიციის მისია დასრულდა, თუმცა ისლამური ჩაცმულობის ნორმები სხვა მეთოდებით გაკონტროლდება.

“მიიღება გადაწყვეტილებები ქალთა მცირე ჯგუფის მიერ ჰიჯაბის [ტარების] დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით… ოფიციალური პირები ვერ დარჩებიან გულგრილები ამ დარღვევების მიმართ“, — თქვა ხანმოჰამადიმ.

აქტივისტებისა და სხვათა სკეპტიციზმი

ირანის გენერალური პროკურორის განცხადება არაერთმა აღიქვა, როგორც ხელისუფლების მცდელობა, ჩააცხროს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, რომელიც ისლამური რესპუბლიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა მისი არსებობის ისტორიაში.

დემონსტრაციებს ხისტი რეპრესიები ვერ აჩერებს, 5, 6 და 7 დეკემბრისთვის კი აქტივისტებმა მასშტაბური გაფიცვისკენ მოუწოდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს. ვრცელდება დაკეტილი მაღაზიების ვიდეოები სხვადასხვა ქალაქიდან.

“ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მორალის პოლიციის გაუქმება დეზინფორმაციაა. ესაა ტაქტიკა აჯანყების შესაჩერებლად”, — დაწერა აშშ-ში მცხოვრებმა ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა მასიჰ ალინეჟადმა 4 დეკემბერს.

კიდევ ერთი ირანელი ჟურნალისტის, ბორზუ დარაგაჰის სიტყვებით, მონთაზერის განცხადება “შესაძლოა აღიქმებოდეს როგორც მორალის პოლიციის დასასრული, მაგრამ ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ სასამართლოს სურს დისტანცირდეს ამ ინსტიტუტისგან”.

“პრესაში ციტირებული განცხადებები არ უტოლდება პოლიტიკის ცვლილებას”, — დასძენს ის კვირას გამოქვეყნებულ ტვიტში.

მეორე მხრივ, სათუოა ისიც, რომ “მორალის პოლიციის” გაუქმება მიმდინარე პროტესტს შეაჩერებს ან შეანელებს. დემონსტრაციებზე მოქალაქეები აპროტესტებენ არა კონკრეტულ ინსტიტუციას, არამედ ისლამურ რესპუბლიკას, როგორც რეჟიმს და მის მიერ გატარებულ სოციალურ-პოლიტიკურ რეპრესიებს.

“დემონსტრანტები მორალის პოლიციის აკრძალვისთვის ან სავალდებულო ჰიჯაბის გაუქმებისთვის არ უდგებიან წინ იარაღსა და ტყვიებს. მათ ისლამური რეჟიმის დასრულება სურთ”, — დასძენს ალინეჟადი.

ირანელმა ქალმა, რომელიც BBC-მ ანონიმურად ჩაწერა, თქვა:

“ჩვენ, დემონსტრანტებს, არ გვადარდებს, რომ ჰიჯაბი აღარ იქნება. 70 დღეა, მის გარეშე გამოვდივართ [გარეთ]… რაც ჩვენ გვინდა, რევოლუციაა. ჰიჯაბი იყო დასაწყისი და არაფერი გვინდა იმაზე ნაკლები, ვიდრე დიქტატორის სიკვდილი და რეჟიმის ცვლილებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი