ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს დელეგაცია ეწვია

6 ივლისი, 2022 • 712
უზენაეს სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრი იუწყება, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია.

უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, რობერტ სპანოს, მოსამართლე ლადო ჭანტურიასა და სასამართლოს მეხუთე სექციის რეგისტრ ვიქტორ სოლოვეიჩიკს დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ უმასპინძლა.

„ოფიციალური მიღებისა და აუდიენციის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სტუმრებმა პლენუმის დარბაზში გადაინაცვლეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და დელეგაციის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა“, – აცხადებენ სასამართლოში.

უზენაესი სასამართლოს პრესრელიზის ცნობით, ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რობერტ სპანოს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე ისაუბრა. დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც. შეხვედრაზე რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. მან აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე მართლმსაჯულების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. როგორც ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსამართლეები სტრასბურგის სასამართლოს ოჯახის წევრები არიან“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე წყაროს თანახმად, გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკა და ხაზი გაესვა ევროპული სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი