საზოგადოება

როცა თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ მოზაიკაზე ფანჯრებს ჭრიან

16 ნოემბერი, 2022 •
როცა თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ მოზაიკაზე ფანჯრებს ჭრიან

თბილისში საბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი მოზაიკის იერსახე შეილახა. ობიექტის მფლობელმა კედელზე ფანჯრები გამოჭრა, რისთვისაც მას მწვანე შუქი აუნთო თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა.

საუბარია ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი “მიონის” შენობის ერთ-ერთ კედელზე განთავსებულ მოზაიკაზე, რომელიც ფასადის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და კარგად იყო შენახული მანამ, სანამ კედელს გაჭრიდნენ.

გამორჩეული მოზაიკა და მერიის ინტერესი

მიკროტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტისა და “მიონის” ქარხნის ყოფილ შენობაზე დატანილი მოზაიკა 70-იან წლებს განეკუთვნება, მისი ავტორი კი კუკური წერეთელია.

ქართული მოზაიკის განვითარების და მხარდაჭერის ფონდის “რიბირაბო” თანადამფუძნებლის, ნატალია ამირეჯიბის სიტყვებით:

“მიონი” თავიდანვე იყო მიკროტექნოლოგიებთან დაკავშირებული ლაბორატორია და მოზაიკაც ასახავს მეცნიერების იმდროინდელ კულმინაციას, განვითარებას საქართველოში”.

ფონდი “რიბირაბო” 2019 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე გაფანტული, სხვადასხვა პერიოდის მოზაიკის კონსერვაციაზე, რესტავრაციაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე.

ასე გამოიყურებოდა მოზაიკა ყოფილი “მიონის”  შენობის ფასადზე, კედელში ფანჯრების გამოჭრამდე. ფოტო: ფონდი “რიბირაბო”.

როგორც ნატალია ამირეჯიბი ყვება, 2021 წლის პირველ ნახევარში ფონდს თბილისის მერიის მარკეტინგის სამსახურიდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს, უწყებისთვის თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოზაიკების სია, ფოტოები და შესაბამისი რუკა მიეწოდებინათ ტურისტული ბროშურის გამოსაცემად.

მისი თქმით, თბილისში 70-ზე მეტი მოზაიკაა და ყველა მათგანს სიაში ვერ შეიტანდნენ. შესაბამისად, აირჩიეს ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები. მათ შორის იყო აწ უკვე მეტად შელახული “მიონის” მოზაიკა.

“ჯერ ერთი, [“მიონის” მოზაიკა] არის ძალიან დიდი. მხატვრულ ღირებულებაზე არც მაქვს საუბარი: ყველასთვის ნათელია, რომ ძალიან ლამაზი მოზაიკაა, კარგად შენარჩუნებული”, — დასძენს ამირეჯიბი.

საბოლოოდ, სია მერიაში გაგზავნეს და როგორც ნატალია ამირეჯიბი ყვება, იმავე წლის ზაფხულში ქალაქის მთავრობიდან აცნობეს, რომ კატალოგი დაიბეჭდა.

როგორ დაამახინჯეს მოზაიკა

ყველაფერი 2018 წლის აპრილში დაიწყო, როცა შესაბამისი შენობის მესაკუთრემ, შპს “მონა ლიზამ” თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს “ფრანგული აივნების” მოწყობის მოთხოვნით მიმართა იმ ფასადზე, რომელზეც ხსენებული მოზაიკაა განთავსებული.

საპასუხოდ არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას აუწყა, რომ განსახორციელებელი სამუშაოები განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა უწყებამ შპს “მონა ლიზას” დაუდასტურა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა.

მომდევნო რამდენიმე წელი სამუშაოები არ დაწყებულა და არც მოზაიკის იერსახე შეცვლილა. თუმცა 2021 წელს კომპანიამ პროექტი მცირედით დააკორექტირა და ხელახლა წარუდგინა არქიტექტურის სამსახურს.

მცირე ხნის შემდეგ, იმავე წლის მიწურულს, უწყებამ კორექტირებულ პროექტსაც აუნთო მწვანე შუქი.

პროექტის ფოტომონტაჟი, რომელიც თან ერთვის კომპანიის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2021 წლის ნოემბერში შეტანილ დოკუმენტაციას. 

ზუსტად როდის დაიწყო სამუშაოები მოზაიკიან ფასადზე, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ფანჯრები უკვე გაჭრილი იყო და მოზაიკაც — მკვეთრად შელახული.

ამას ადასტურებს ფოტოები, რომლებიც ერთვის ზემოხსენებული კომპანიის მიერ იმ პერიოდში არქიტექტურის სამსახურისთვის გაგზავნილ დოკუმენტებს შენობის სხვა კედელზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

“ამ მოზაიკას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება”

საბოლოოდ, გამოდის, რომ როცა მერია თბილისის მოზაიკების შესახებ კატალოგს ამზადებდა, “მიონის” მოზაიკის რღვევაზე მწვანე შუქი უკვე ანთებული იყო, კორექტირებული პროექტის დამტკიცებამდე კი რამდენიმე თვეღა რჩებოდა.

რატომ მოხდა ასე და რისი გაკეთება შეეძლო ქალაქის მერიას პროცესის შესაჩერებლად? “ნეტგაზეთი” მერიის პრესსამსახურისგან დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე ელის.

ასეა თუ ისე, სათუოა, არსებული მოცემულობა რაიმემ შეცვალოს: როგორც ნატალია ამირეჯიბი აღნიშნავს, მოზაიკური ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია მთლიანად დაირღვა და შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ზიანზე, არამედ მის “სრულ განადგურებაზე”.

კომპანიის თანახმად, ფოტო გადაღებულია მიმდინარე წლის 20 აგვისტოს.

“მიონის” მოზაიკას, ისევე როგორც თბილისში გაფანტულ სხვა ათეულობით მოზაიკას საბჭოთა პერიოდიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. შესაბამისად, მასზე არც შესაბამისი კანონმდებლობა ვრცელდებოდა.

თუმცა ამირეჯიბი ფიქრობს, რომ ქალაქის მთავრობას მოზაიკის გადარჩენა შეეძლო.

“მერიის თანამშრომლებს, თეორიულად, უნდა სცოდნოდათ ის ფაქტი, რომ მიონის მოზაიკას “დე იურე” არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, “დე ფაქტო” ის ფიგურირებდა როგორც „ღირსშესანიშნაობა“ მათი უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში”, — წერს ის “ფეისბუკზე”, “ნეტგაზეთს” კი ეუბნება:

“პროექტში არის ნახაზი, სადაც ეს მოზაიკა არის ასახული. [შეუძლებელია], ვერ დაინახო, სად გთავაზობს მესაკუთრე ფანჯრების გაჭრას. იმდენად ცხადია, რომ მერიის ნებისმიერ თანამშრომელს უნდა გასჩენოდა ეს კითხვა…”

სამუშაოები ყოფილი “მიონის” შენობის მოზაიკიან ფასადზე. ფოტო: მიხეილ ანდრიაძე

როგორც აღნიშნავს, “ამ მოზაიკას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება”, თუმცა იმედი აქვს, რომ “მომავალში მესაკუთრეები ან მერია დაფიქრდებიან იმაზე, რას აკეთებენ”.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, დაჰკავშირებოდა კომპანიასაც, რომელიც მოზაიკის შენობას ფლობს, თუმცა ზარსა და შეტყობინებებს შპს “მონა ლიზა” ამ ეტაპზე არ პასუხობს.

მოზაიკები საფრთხის ქვეშ და ბიუროკრატია

საქართველოში საბჭოთა პერიოდის მოზაიკები ძირითადად ავტობუსის გაჩერებებზე, ქალაქების და სოფლების შესასვლელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საბჭოთა დროს აშენებული ქარხნების ფასადებზე გვხვდება.

ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია, რომლებსაც უფლება აქვთ, საკუთარი ტერიტორია სურვილისამებრ მოაწყონ, თუ მოზაიკას ძეგლის სტატუსი არა აქვს.

დღეს ამ მოზაიკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი განადგურების პირასაა, ნაწილი კი უკვე აღარ არსებობს.

“მიონის” მოზაიკამდე, 2020 წელს, ასევე თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის 56-ში მდებარე შენობის ფასადზე დატანილი მოზაიკის ნაწილი იქ ჩაყენებულმა კარმა შთანთქა.

მოზაიკების დიდ ნაწილს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ნამუშევრები ან დროსთან ერთად, ან კონკრეტული ინდივიდების ჩარევის შედეგად ნადგურდება.

2020 წელს, როცა ჭყონდიდელის ქუჩის მოზაიკა დააზიანეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობდნენ, რომ აქტიურად მუშაობდნენ და ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად მეტი ნამუშევარი მოეცვათ.

კარით დაზიანებული მოზაიკა თბილისში. ფოტო: მარიამ გრიგალაშვილი

ნატალია ამირეჯიბის თქმით, მოზაიკისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხანგრძლივი პროცედურაა, დრო კი მოზაიკების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

“მაგალითად, 2018 წელს ჩვენ მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რადგან გვინდოდა დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის გზაზე არსებული [ავტობუსის] გაჩერების მოზაიკის რეაბილიტაცია.

სააგენტომ გაგზავნა კომისია მოზაიკის შესასწავლად და კომისიამ დაახლოებით 7 თვის შემდეგ გვიპასუხა, რომ აღიარეს ამ მოზაიკის უნიკალურობა და მიანიჭეს ძეგლის სტატუსი”, — დასძენს ის.

როგორც ამირეჯიბი ყვება, დროის მოსაგებად სააგენტოს შესთავაზა, საქართველოში არსებული ყველა მოზაიკა “ინდუსტრიულ მემკვიდრეობად” ეღიარებინათ და ამ გზით დაეცვათ გარე ჩარევებისგან:

“გვითხრეს უარი, რადგან მაინც უნდათ, რომ ეს პროცედურა შეინარჩუნონ. სანამ ეს პროცედურა მიმდინარეობს, ბევრი მოზაიკა ზიანდება და ინგრევა. ეს არის საწყენი”.

განახლება[13:10] — თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ფასადის აღსადგენად და აპირებს, პირადად შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს.

მოზაიკა საქართველოში – ისტორიული მემკვიდრეობა თუ საბჭოთა სიმბოლიკა 

ამავე თამაზე გირჩევთ:

მოზაიკა საქართველოში – ისტორიული მემკვიდრეობა თუ საბჭოთა სიმბოლიკა 

მასალების გადაბეჭდვის წესი