საზოგადოება

რას წარმოადგენს ირანული დრონი, რომელიც რუსეთის იმედად და უკრაინის გამოწვევად იქცა

18 ოქტომბერი, 2022 • 2064
რას წარმოადგენს ირანული დრონი, რომელიც რუსეთის იმედად და უკრაინის გამოწვევად იქცა

17 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართულებით 43 უპილოტო დრონი გაუშვეს, რომელთაგან 37 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. მათი უმეტესობა ირანული „შაჰიდ-136“ იყო. ირანული კამიკაძე-დრონები უკრაინის თავდაცვისთვის — გამოწვევად იქცა, რუსეთის მხარდამჭერებისთვის კი- იმედად. შეუძლია კი ირანულ დრონებს ბრძოლის ველზე არსებული სურათის მნიშვნელოვნად შეცვლა?

რას წარმოადგენს „შაჰიდ-136“?

„შაჰიდ-136“ არის ირანული წარმოების კამიკაძე-დრონი, რომელიც ექსპლუატაციაშია 2020 წლიდან. „შაჰიდ-136“-ის დეკლარირებული ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი არის 2 000 კმ, თუმცა ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, მისი რეალური დიაპაზონი რამდენიმე ასეული კილომეტრია. ზოგიერთი ცნობით, „შაჰიდ-136“-ის ეფექტური დიაპაზონი არის 1 000 კილომეტრი, 40 კგ ასაფეთქებელი მასალის გადატანის შესაძლებლობით. ასეთი დრონების კონტეინერები ადვილად თავსდება როგორც სატვირთო მანქანებზე, ისე მატარებლის ვაგონებზე, გემებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე.

„შაჰიდ-136“ დაფრინავს 60-დან 4 000 მეტრამდე სიმაღლეზე, დაახლოებით 180 კმ/სთ სიჩქარით. უპილოტო საფრენ აპარატს აქვს ხმაურიანი 2-ტაქტიანი ჩინური წარმოების ძრავა, ასე რომ, დრონის „მოპედისებური“ ხმა კილომეტრების მანძილზე ისმის.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი პირველად გამოიყენეს იემენის სამოქალაქო ომში 2020 წელს. 2022 წელს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალებმა „შაჰიდი 136“ გამოიყენეს ერაყის ქურთისტანის რეგიონში ქურთული სეპარატისტული ჯგუფის შტაბ-ბინაზე თავდასხმების დროს. 2022 წლის შემოდგომაზე კი „შაჰიდი 136“-ები უკრაინის ომში გამოჩნდა.

ირანული დრონები რუსეთის შეიარაღებაში 

ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ ირანში — აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დრონების შესაძენად. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, დასავლურმა დაზვერვამ და არაერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანიდან მიიღო ასობით დრონი, მათ შორის, Mohajer-6, Shahed-136 და Shahed-191. ინფორმაცია დაადასტურა თეთრმა სახლმაც.

რუსეთის მიერ ირანული დრონების მიღების შესახებ ინფორმაცია მოსკოვს და თეირანს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

ირანული წარმოების უპილოტო დრონი „შაჰიდ-136“

უკრაინაში ჩამოყრილ დრონებს აწერია Герань-2, — ირანული დრონების სახელწოდება რუსეთის არმიაში. თუმცა დრონების წარმომავლობას რუსეთშიც არ მალავენ. რუსი ომის კორესპონდენტი ალექსანდრე სლადკოვი სექტემბერში წერდა, რომ „Geran-2 (მშობლიური ირანული სახელი „შაჰიდი“) გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ“. ოქტომბრის დასაწყისში „რუსულმა გაზეთმა“ დაწერა, რომ Герань-2 შაჰედ-136-ის მსგავსი დრონი იყო.

„ვსწავლობთ სპარსულს: سبح بخير – Sob baheir – დილა მშვიდობისა“, — დაწერა „ტელეგრამზე“ კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სალავიოვმა 17 ოქტომბერს, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ირანული დრონებით მიტანილი მორიგი იერიშის შემდეგ.

„შაჰიდების“ ეფექტი ომის მიმდინარეობაზე

Wall Street Journal-ის თანახმად, „შაჰიდ-136“-ებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობასა და არტილერიას ხარკოვის მიმართულებით. სტრატეგიული საკონსულტაციო ფირმის Red Six Solutions დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სკოტ კრინო გამოცემასთან ამბობს, რომ „შაჰიდ-136“-ები რუსეთის შეიარაღებაში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული HIMARS-ები შეიძლება გახდეს. თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ „შაჰიდ-136“-ებს უკრაინის ომში HIMARS-ის ეფექტი ვერ ექნება.

„დრონების თავდასხმა კიევის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე შეესაბამება რუსეთის ძალების სტრატეგიას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ფსიქოლოგიური ტერორის დათესვას [მოსახლეობაში], ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას“, — წერს ISW.

ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ბრეტ ფრიდმანმა განაცხადა, რომ „შაჰიდ-136“-ის ტვირთამწეობა 88 ფუნტი (დაახლოებით 40 კგ) ასაფეთქებელია, ხოლო ტიპური 155 მმ-იანი M795 საარტილერიო იარაღი კი ისვრის 23,8 ფუნტ ფეთქებად ნივთიერებას, რაც ნიშნავს, რომ ერთი Shahed-136 დრონი ატარებს დაახლოებით სამი ჭურვის ღირებულების ასაფეთქებელ მასალას, მაგრამ ფრაგმენტაციის თანმიმდევრული ნიმუშის გარეშე.

ფრიდმანი ვარაუდობს, რომ ხუთ „შაჰიდ-136“-ს, რომელმაც დაარტყა კიევს, ჰქონდა შორ მანძილზე გასროლილი 15 საარტილერიო ჭურვის ეფექტი, ასეთმა დარტყმებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მოკლას და დაჭრას მრავალი ადამიანი მნიშვნელოვანი სამხედრო ეფექტის შექმნის გარეშე.

სამხედრო ექსპერტი, ანალიტიკოსი იური ფიოდოროვი აღნიშნავს, რომ ირანული დრონების აღმოჩენა რთულია საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რადგან ისინი ძალიან დაბლა დაფრინავენ, მაგრამ დაფიქსირების შემთხვევაში, ადვილი ჩამოსაგდებია.

„ამ დრონების ჩამოგდება შესაძლებელია ავტომატებითაც“, — ამბობს ფიოდოროვი.

რუსული მედია და ტელეგრამის არხები აცხადებენ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ვერ უმკლავდება „შაჰიდ-136“-ს.

Military Watch Magazine-ის თანახმად, ირანული დრონები არის რაკეტების და საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის ძნელად ხილვადი, უფრო ძვირი და დიდი თურქული თუ ამერიკული დრონების იაფი ალტერნატივაა.

რამდენ დრონს აწვდის ირანი რუსეთს? 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსეთმა ირანიდან კამიკაძეების პირველი პარტია მიიღო, რომელიც 300 აპარატისაგან შედგებოდა. ამასთან, მისი თქმით, მეორე პარტია გაცილებით დიდი იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ირანიდან 2 400 „შაჰიდი“ დრონი შეუკვეთა.

არესტოვიჩის თანახმად, რუსეთს შეუძლია, ირანული კამიკაძე-დრონებით კიდევ 2-3 თვე აქტიურად შეუტიოს უკრაინას. მისი თქმით, რუსეთმა „იპოვა გასაღები“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის და აიძულებს, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული რაკეტები დახარჯოს კამიკაძე-დრონებზე.

The Washington Post-ის თანახმად, „შაჰიდ-136“, „მოჰაჯერ-6 “და „არაშ-2“ დრონების გარდა, ირანი რუსეთს, სავარაუდოდ, მიაწვდის დამატებით რაკეტებს, მათ შორის Fateh-110 და Zofaghar მოკლე მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებს.

ამ ფონზე კიევი დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითხოვს.

შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დააჩქარებს NASAMS სისტემების უკრაინაში გადაცემის პროცესს. გერმანიამ უკვე გაგზავნა პირველი (ოთხი) IRIS-T სისტემა უკრაინაში.  საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ან რაკეტების მიწოდების მზაობის შესახებ განაცხადეს.

17 ოქტომბერს კიევში, ირანის საელჩოსთან რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების „შაჰიდ-136“-ის მიყიდვის შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქცია „შეაჩერე ტერორი“.

აქციის მონაწილეებმა ირანი ტერორიზმის მხარდაჭერასა და უკრაინელების მკვლელობაში დაადანაშაულეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 17 ოქტომბერს თავშესაფრიდან მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოუწოდა, დაუწესონ დამატებითი სანქციები ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი