საზოგადოება

აპირებს თუ არა ჯაბა სამუშია მონაწილეობას თსუ-ს რექტორის შესარჩევ კონკურსში

7 ოქტომბერი, 2022 • 1447
აპირებს თუ არა ჯაბა სამუშია მონაწილეობას თსუ-ს რექტორის შესარჩევ კონკურსში

გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან მიდის. ცნობა მან თავად დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი მომავალი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება.

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიმდინარე თვეში აირჩევენ, შემდეგ კი ახალი რექტორის ასარჩევად კონკურსი უნდა გაიმართოს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ხსენებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას განიხილავს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი და თსუ-ს პროფესორი, ჯაბა სამუშია. იგი ამ თანამდებობის დასაკავებლად მთავარი ფავორიტიც იქნება.

ცნობის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” სამუშიას დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ჯერჯერობით არაფერი გადაუწყვეტია.

“არა. ჯერჯერობით მე არაფერი გადამიწყვეტია და არც არაფერი მსგავსი ყოფილა…” ,— ასე პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას. დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ კი  — “ანუ, არ გეგმავთ, ხომ?” — დასძენს:

“ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება… მე [რუსთაველის] ფონდში ვარ, ვაგრძელებ მუშაობას ფონდში, კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ გარემოში, სადაც ვარ. ძალიან ბევრი გასაკეთებელია აქ კიდევ”.

თსუ-ს რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს. მეორე ვადით ის 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

“ნეტგაზეთის” ცნობით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობს საქმიანობას.

ამავე თემაზე:

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი