საზოგადოება

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორის თანამდებობას ტოვებს

7 ოქტომბერი, 2022 • 2223
გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორის თანამდებობას ტოვებს

განახლება[17:30] — გიორგი შარვაშიძე ადასტურებს, რომ აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. აღნიშნულის შესახებ “ფეისბუკზე” წერს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა და ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

შარვაშიძემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა აკადემიურ საბჭოს, ის მიმდინარე თვეში წავა რექტორის თანამდებობიდან და ამავე პერიოდში აირჩევენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

მასალის გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ, შარვაშიძემ “ფეისბუკზე” გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა, რომ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თაობაზე მიმართა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად”, — დასძენს ის.

თსუ-ს რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს. მეორე ვადით ის 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით. შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

“ნეტგაზეთის” ცნობით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობს საქმიანობას.


რექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს გიორგი შარვაშიძე პლაგიატში დაადანაშაულეს, რასაც თავად უარყოფდა.

საქმე ეხებოდა დაახლოებით 140-გვერდიან აკადემიურ ნაშრომს, რომელსაც გადაცემა „თავისუფლების მონიტორმა“ 2019 წლის ნოემბერში გამოძიება მიუძღვნა და მასში პლაგიატის არსებობაზე ისაუბრა.

გამოძიებიდან მალევე, თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პლაგიატის არსებობა/არარსებობის დასადგენად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, მათ კი, თავის მხრივ, დოკუმენტში დაადგინეს სხვა ტექსტთან 34%-იანი თანხვედრა და, შესაბამისად, პლაგიატი.

საპასუხოდ, რექტორი ამბობდა, რომ შესაძლოა, საქმე გვქონოდა ტექნიკურ ხარვეზთან, თუმცა, არა – პლაგიატთან. უნივერსიტეტი კი დასძენდა, რომ მისი მოკვლევის მიხედვით, შარვაშიძის დისერტაციაში თანხვედრა მხოლოდ 8%-ია, პლაგიატის ნიშნები კი არ არის.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი