საზოგადოება

„უზრდელო, თავხედო, დაახვიე ახლა აქედანო“ — წიკლაური წულუკიანთან დაპირისპირებაზე

30 სექტემბერი, 2022 • 1511
„უზრდელო, თავხედო, დაახვიე ახლა აქედანო“ — წიკლაური წულუკიანთან დაპირისპირებაზე

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

თეა წულუკიანის თქმით, კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მისკენ დასარტყმელად გაიწია და ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.

„მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს“, — აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა რომ შუაში მისი მოადგილე და ერთ-ერთი მწვრთნელი ჩადგნენ.

დავით წიკლაური ადასტურებს, რომ სამინისტროსგან დამატებით ბიუჯეტს ითხოვდა, თუმცა თეა წულუკიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას უარყოფს.

„დავრჩით შეხვედრაზე მე, ქალბატონი თეა და ბატონი სოსო გიორგაძე, [მინისტრის] ყოფილი მოადგილე. თავდახრილი ვეუბნები, რომ მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ და იცოდეთ, რა ღონისძიებები გვაქვს დარჩენილი და რაში ვითხოვთ ამ ბიუჯეტის დამატებას. ვეუბნები, რომ დარჩენილია მოსწავლეების ევროპის ჩემპიონატი, ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატი, გოგონებში ევროპის ჩემპიონატი, ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე, უფროს ასაკში წლის ბოლოს შეიძლება ჩატარდეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი, სადაც აუცილებელია, რომ ამ ყველა ნაკრებმა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა. პლუს, მინდა იცოდეთ მწვრთნელების და სპორტსმენების ხელფასები, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები და გახდნენ ჩემპიონები, გადახედოთ და იქნებ დაუნიშნოთ ეს ხელფასები-მეთქი“, — განაცხადა წიკლაურმა „მთავარი არხის“ ეთერში.

წიკლაურის თქმით, თეა წულუკიანს ასევე შესჩივლა, რომ სოსო გიორგაძე მის ზარებს და მესიჯებს არ პასუხობდა და სურდა, ეს ყველაფერი პირადად მინისტრისთვის ეთქვა.

„ვზივარ, თავი მაქვს დახრილი და მორჩიო? დიახ-მეთქი… შე უზრდელო, თავხედო, აეთრიე აქედან, გაეთრიეო, ზრდილობას რომ ისწავლი, მერე მოეთრევი და ბოდიშს მოიხდიო. ისე დავიბენი, მეგონა, სოსოს ეუბნებოდა. წამოდგა ფეხზე და გამოვიდა დიდ ოთახში, სადაც გამოსულები იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, ალბათ, სამინისტროს თანამშრომლები და კამერები, სადაც ინტერვიუს აძლევდნენ ბიჭები. კარებში გამოსვლისას გამოვატარე და [ვკითხე], ქალბატონო თეა, არ გრცხვენიათ, რას კადრულობთ, ეს არის თქვენი პატივისცემა სპორტსმენების და სპორტის მიმართ-მეთქი? ამ დიდ დარბაზშიც მითხრა, შე უზრდელო, თავხედო, დაახვიე ახლა აქედან, თორემ შენ რას გიზამ, არ იციო. ამ დროს იყო, როდესაც ლაპარაკობს ჩემს აგრესიაზე, ამ სიტყვების შემდეგ მივუტრიალდი: შე მართლა უზრდელო, თავხედო ქალო, არ გრცხვენია-მეთქი? მინისტრი რეებს კადრულობთ, ეს არის თქვენი პატივისცემა-მეთქი? ამ საუბარში როცა ვართ, სოსო გიორგაძე წამოვიდა ჩემკენ: შენ, ბიჭო, ახლა რას გიზამო…მივუბრუნდი ბატონ სოსოსაც და თავის საკადრისი პასუხი გავეცი, ოღონდ ცოტა უფრო ცუდი სიტყვებით. ქალბატონ თეასთვის არაფერი მიკადრებია. არ გამივლია თავში, რომ მეძალადა. პასუხი რომ არ გამეცა, იქიდან ისე ვერ გამოვიდოდი“, — განაცხადა დავით წიკლაურმა.

კულტურის მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ წინა ხელისუფლება დავით წიკლაურს „ზონდერად ამუშავებდა“ და იგი კარალეთში, გომში და სხვაგან შეხვედრებისას „ქართული ოცნების“ ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს ესხმოდა.

დავით წიკლაური ამბობს, რომ „პოლიტიკურ სიბინძურეში“ ნამდვილად მონაწილეობდა, რასაც ნანობს. მისი თქმით, მცირე შანტაჟს მის მიმართ თითქმის 10 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, კულტურის მინისტრთან უთანხმოების შემდეგ კი გაუგზავნეს ძველი ვიდეოკადრები და მათი გავრცელებით დაემუქრენ.

„ბოლოს დ  აბოლოს გაუშვით-მეთქი, კი ბატონო, მე ვარ, ამ სიბნძურეში მოვყევი. გუშინ აჩვენეს კადრები, რომ მე 2012 წელს ვმონაწილეობდი პოლიტიკურ სიბინძურეში. დღესაც ვამბობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი ლაქა. დღესაც და მაშინაც მზად ვიყავი ბოდიში მომეხადა და ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, მოერიდონ ასეთ პოლიტიკურ ჩარევას, იმიტომ, რომ თავის დროზე წამოაძახებენ. ეს რაც შეეხება წარსულს, მაგრამ ყველამ თავის წარსულს მიხედოს, ვინ ვისი ოჯახიდან არიან გამოსული, ვის რა აქვთ ნაკეთები და ვის ხალხი ჰყავს დახოცილი“, — დასძინა დავით წიკლაურმა.

ამ თემაზე:

ჩემზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიწია — წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი