ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეები EU-ს ვიზებს გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

31 აგვისტო, 2022 • 1056
რუსეთის მოქალაქეები EU-ს ვიზებს გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში გამართული ორდღიანი არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შეთანხმდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების სრულ შეჩერებაზე.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში საზღვრის კვეთის მნიშვნელოვან ზრდას. ეს უსაფრთხოების რისკი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ შევთანმხდით ევროკავშირისა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის ფასილიტაციის შესახებ შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“, — აცხადებს ბორელი.

„ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომლებიც დასასვენებლად და საყიდლებზე მოგზაურობდნენ, თითქოს უკრაინაში ომი არ მძვინვარებდა“, — ჟოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, ამ დრომდე შეთანხმება ნაწილობრივ იყო შეჩერებული კონკრეტული კატეგორიისთვის — ოფიციალური პირებისა და მეწარმეებისთვის.

ბორელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალი ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებზე, რადგან ვიზის აღება გართულდება და მეტ დროსთან იქნება დაკავშირებული.

ბალტიის ქვეყნები, ასევე, ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფო — ჩეხეთი — ლობირებდნენ რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემის მთლიანად აკრძალვას, რუს ოპოზიციონერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობით. ტურისტული ვიზების ზოგად აკრძალვას არ მიემხრნენ საფრანგეთი და გერმანია, ასევე, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. მისი თქმით,ევროკავშირის მინისტრები დაუყოვნებლივ ვერ შეთანხმდნენ რუსებისთვის სამგზავრო ვიზების აბსოლუტური აკრძალვაზე, რადგან წევრი ქვეყნები ამ საკითხზე იყოფა.

„ჩვენ არ გვინდა იზოლირება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისგან და იმ რუსებისგან, რომლებიც უკრაინაში ომის წინააღმდეგი არიან“, — განაცხადა ბორელმა.

რუსეთის ოფიციალური უწყებების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები აღიარებული არ იქნება.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზებში 35 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ, ასევე, უფრო ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურის წინაშე აღმოჩნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი