საზოგადოება

ვოლინა, პროკოპენკო და სხვები — უკრაინამ 215 ტყვე დაიბრუნა

22 სექტემბერი, 2022 • 1668
ვოლინა, პროკოპენკო და სხვები — უკრაინამ 215 ტყვე დაიბრუნა

რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან „აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, ასევე პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური — დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 200 ტყვის სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს პუტინის ახლობელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნიდან გაპარვის მცდელობის დროს დააკავეს. რუსეთს ასევე გადასცეს 55 ტყვე.

„აზოვის“ 5 მეთაური, რომელიც ტყვეობიდან გაათავისუფლეს, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ თურქეთში იცხოვრებს. ტყვეთა გაცვლის პროცესში ჩართული იყო საუდის არაბეთი.

როგორც Suspilne წერს, ტყვეთა გაცვლა ჩერნიჰივის ოლქში მოხდა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი – მიხაილო ვერშინინი  და „აზოვსტალის“ ერთ-ერთი მცველი – ეკატერინა პოლიშჩუკი, რომელსაც „პტაშკად“ იცნობენ.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ, სულ, 802 ადამიანი დაიხსნა.


მას შემდეგ, რაც რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა თითქმის მთელი მარიუპოლი, „აზოვსტალი“ რჩებოდა ერთადერთ გამაგრებულ ტერიტორიად ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის არმიამ კვირების განმავლობაში ვერ შეძლო. „აზოვსტალში“ გამაგრებულნი იყვნენ აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

საბოლოოდ, „აზოვსტალის“ წინააღმდეგობა 16 მაისიდან შეწყდა. 20 მაისს უკრაინელი სამხედროების ბოლო ჯგუფი ჩაბარდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

რუსეთი ტყვედ აყვანილი სამხედროების, მათ შორის, „აზოვის“ მეთაურების საჩვენებელ გასამართლებას გეგმავდა და სახელომწიფო პროპაგანდაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როგორ ამარაგებდნენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლს ვერტმფრენებით

მასალების გადაბეჭდვის წესი