საზოგადოება

ირანში ქალები ჰიჯაბებს იხდიან და წვავენ: პროტესტი გრძელდება

21 სექტემბერი, 2022 •
ირანში ქალები ჰიჯაბებს იხდიან და წვავენ: პროტესტი გრძელდება

“სამართლიანობა”, “თავისუფლება”, “არა სავალდებულო ჰიჯაბს”, “სიკვდილი დიქტატორს”, “ნუ გეშინია, ჩვენ, ყველანი ერთად ვარ” — ამ და სხვა სლოგანებით ირანის სხვადასხვა ქალაქში გრძელდება პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი.

საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელიც გასულ კვირას გარდაცვლილი მაჰსა ამინის მშობლიურ, ქურთისტანის პროვინციაში დაიწყო, შემდეგ კი ირანის სხვა ქალაქებსაც მოედო, მრავალი ქალი საჯაროდ იხდის, ზოგიერთ შემთხვევაში კი — წვავს თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.

დაღუპულთა რიცხვი იზრდება

როგორც Reuters წერს უფლებადამცველზე დაყრდნობით, საპროტესტო აქციებზე სამშაბათს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, რაც აქციების დაწყებიდან დღმდე მსხვერპლთა რიცხვს შვიდამდე ზრდის. BBC-ის სპარსული სამსახური, სულ მცირე, 8 დაღუპულზე საუბრობს.

აქტივისტთა თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტები მოკლეს დასავლეთ აზერბაიჯანისა და ქურთისტანის პროვინციებში.

ქურთისტანის გუბერნატორი მოქალაქეთა დაღუპვას ტერორისტულ ჯგუფებს მიაწერს, დეტალების დაუკონკრეტებლად. უფლებადამცველი ჯგუფი Hengaw, რომელიც ირანის ქურთისტანში ადამიანის უფლებათა დარღვევებს სწავლობს, აღნიშნავს, რომ ხსენებული პირები უსაფრთხოების ძალების მხრიდან სროლას შეეწირნენ.

ამასთან, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ თანახმად, დაიღუპა “პოლიციის ასისტენტი”, რომელმაც ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ შირაზში მომიტინგეებთან ძალადობრივი შეტაკების დროს დაზიანებები მიიღო.

ირანის ხელისუფლება სამი ადამიანის, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის, დაღუპვას ადასტურებს.

მაჰსა ამინი 

აქციები ირანში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანშ, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, ნად ალ-ნაშიფის თქმით, არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.

პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი “გულის უეცარი უკმარისობის” შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.

“სიკვდილი დიქტატორს!”

მიმდინარე დემონსტრაციები ქალთა დიდი წარმომადგენლობით გამოირჩევა. BBC-ის სპარსულენოვანი გამოცემა “იშვიათ და ისტორიულ აქტს” უწოდებს 21 სექტემბერს, პროტესტის მეოთხე ღამეს, ირანის სხვადასხვა ქალაქში ქალი დემონსტრანტების მიერ თავსაბურავის საჯაროდ მოხდასა და დაწვას.

კადრების მიხედვით, ირანის ქალაქ სარში ქალებმა, მრავალი დემონსტრანტის ტაშისა და შეძახილების ფონზე, ცეცხლში ჩაყარეს თავსაბურავები. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იჭრის ქალი თმას საჯაროდ ქალაქ ქერმანში, რასაც იქ შეკრებილი დიდი რაოდენობით მოქალაქეები მხარდაჭერით ხვდებიან და სკანდირებენ: “სიკვდილი დიქტატორს!”

“ეს არის ირანი დღეს. ქალები ამაყად წვავენ რელიგიური დიქტატურის ყველაზე ხილულ სიმბოლოს: სავალდებულო ჰიჯაბს”, — წერს ირანელი აქტივისტი მასიჰ ალინეჟადი “ტვიტერზე”, ქემრანში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კი დასძენს:

“ხალხმრავლობა სავსეა კაცებით, რომლებიც ქალებს მხარს უჭერენ… მაჰსა ამინის მკვლელობა იყო გამომაფხიზლებელი ირანელთათვის და ახლა მათ საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდებათ”.

პროტესტი გაიშალა ირანის გარშემო, მრავალ ქალაქსა და და დასახლებაში, დედაქალაქ თეირანიდან შედარებით კონსერვატიულ ქალაქებამდე . უსაფრთხოების ძალების მცდელობის ფონზე, ჩაახშონ პროტესტი, დემონსტრაციებს თან ახლავს დაპირისპირებები.

ვიდეოების მიხედვით, დემონსტრანტები ღია სივრცეებში ანთებენ ცეცხლს, ეწინააღმდეგებიან პოლიციას და ანადგურებენ ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის გამოსახულებებს.

ხელისუფლება, გასული წლების სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, ახლაც ინარჩუნებს ხისტ რიტორიკას დემონსტრანტებისადმი. თეირანის გუბერნატორმა მოჰსენ მანსურიმ დაწერა, რომ საპროტესტო აქციები “სრულად ორგანიზებულია ქაოსის მოწყობის დღის წესრიგით”.

სახელმწიფო მედიის თანახმად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დაპატიმრებებს მიმართა იმ ადამიანთა დასაშლელად, ვინც გზებს კეტავდა, ქვებს ისროდა და პოლიციის მანქანებს ცეცხლში ხვევდა.

როგორც თვითმხილველებმა უთხრეს CNN-ს, სამშაბათ ღამეს გამართული დემონსტრაციები, როგორც ჩანს, იყო “მოციმციმე საპროტესტო აქციები”, რაც ნიშნავს, რომ დემონსტრანტები სწრაფად ქმნიდნენ ჯგუფებს და სწრაფადვე იფანტებოდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ირანის უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირება.

ტელეკომპანია ასევე წერს, რომ მსგავსი მასშტაბის პროტესტი ირანში ბოლოს 2019 წელს იყო, როცა მთავრობამ საწვავი გააძვირა.

მეორე მხრივ, ირანში იქმნება პეტიციები ე.წ. მორალის პოლიციის დაშლის მოთხოვნით. The Guardian-ის ცნობით, მათი ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰიჯაბის რეგულაციის აღსრულებისკენ მიმართული მათი ქმედებები კონტრპროდუქტიული და დისკრიმინაციულია.

წინააღმდეგობის ზემოხსენებული აქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანის რეალობაში, სადაც ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ თავსაბურავის ტარება სავალდებულო გახდა, აღნიშნულ რეგულაციაზე შეწინააღმდეგება კი ხანგრძლივი პატიმრობისა და ძალადობის რისკებს შეიცავს.

რას (არ) ამბობს ხამენეი

გაეროში აღნიშნავენ, რომ იღებენ “ბევრ, გადამოწმებულ ვიდეოს ქალთა მიმართ ძალადობრივი მოპყრობის შესახებ” ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, რომელმაც უკანასკნელ თვეებში გააფართოვა კონტროლი ირანის ქუჩებში, რათა ზემოხსენებული კანონის აღსრულებაზე იმუშაოს.

“მაჰსა ამინის ტრაგიკული სიკვდილი და ბრალდებები წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა, კომპეტენტურმა ორგანომ…”

”ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მიზანმიმართულად შევიწროება და დაპატიმრება ქალებისა, რომლებიც არ იცავენ ჰიჯაბის წესებს”, — ციტირებს BBC ნად ალ-ნაშიფის.

საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი გარდაცვლილი ქალის ოჯახში მივიდა და უთხრა მათ, რომ “ყველა ინსტიტუტი მიიღებს ზომებს, რათა დაიცვას უფლებებს, რომლებიც დაირღვა”. მეორე მხრივ, ტელეარხის სპარსულენოვანი ბიურო წერს, რომ 21 სექტემბერს, საჯარო გამოსვლისას, ალი ხამენეი არ გამოხმაურებია არც საპროტესტო აქციებს და არც მაჰსა ამინის დაღუპვას.

ინტერნეტის მონიტორინგის ვებგვერდი “Netblocks” პარასკევიდან აფიქსირებს ინტერნეტის გათიშვის შემთხვევებს ირანში. აღნიშნულ ტაქტიკას ისლამური რესპუბლიკა აქამდეც იყენებდა საპროტესტო აქციების დროს.

Hengaw-ის მიხედვით, ინტერნეტი სრულად გათიშულია ქურთისტანის პროვინციაში, სადაც აქციები განსაკუთრებით ინტენსიურია.

როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას

ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.

არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.

ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.

გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.

ირანელი დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა იზღუდება

მასალების გადაბეჭდვის წესი