საზოგადოება

აშშ სანქციების დარღვევაში ამხელს Iran Air-ს, რომელიც მანამდე საქართველომ რუსეთში გაატარა

20 სექტემბერი, 2022 • 932
აშშ სანქციების დარღვევაში ამხელს Iran Air-ს, რომელიც მანამდე საქართველომ რუსეთში გაატარა

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა დამატებითი სანქციები დაუწესა ირანულ ავიაკომპანია Iran Air-ს, რომელიც რუსეთში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლითაც დაფრინავდა.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა, კომერციულად ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით, დაადგინა, რომ Boeing 747-ებს, რომლებსაც მართავდნენ Mahan Air, Qeshm Fars Air და Iran Air, გადაჰქონდათ საქონელი, მათ შორის ელექტრონული ნივთები რუსეთში, რაც აშკარად არღვევს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ექსპორტზე დაწესებულ კონტროლს.

ირანმა საჯაროდ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, გააფართოოს რუსეთთან თანამშრომლობა საავიაციო სექტორში, მათ შორის, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებით.

„აშშ-ის კონტროლმა ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ელექტრონიკა და თვითმფრინავის ნაწილები, დაასუსტა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, სასტიკად შეზღუდა მათი წვდომა მსოფლიო ეკონომიკაზე. როდესაც რუსეთი შეეცდება, ისეთი გარიყული ქვეყნების დახმარებით, როგორიც ირანია, შეავსოს დანაკლისი, ჩვენ მივიღებთ ზომებს ასეთი მცდელობებისა და კავშირების ჩასაშლელად“, — განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ ექსპორტის აღსრულების საკითხებში მეთიუ აქსელროდმა.

ორშაბათს გამოვლენილი სამი ირანული ავიაკომპანია უკრაინის ომამდეც ექვემდებარებოდა სხვადასხვა შეზღუდვას აშშ-ის მთავრობის მიერ. ახლა კი ისინი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევაში არიან მხილებული.

4 სექტემბერს, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, Iran Air-ის სატვირთო თვითმფრინავი მოსკოვში ჩაფრინდა.

8 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ირან ეარი“, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა. იმ ფონზე, როდესაც ირანი რუსეთს აწვდის დრონებს და სამხედრო ტექნიკას, ხოშტარიას თქმით, „გაუგებარია, საქართველომ რატომ დაუთმო თავისი საჰაერო სივრცე ასეთ საფრთხის შემცველ თვითმფრინავს მაშინ, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა“.

„არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან“, — განაცხადა ხოშტარიამ და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან განმარტება მოითხოვა.

ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანულმა ავიაკომპანია „ირან ეარ კარგომ” შეასრულა რეისი ერევანი-მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა „სულ 10 წუთი დაჰყო“. ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

ხოშტარიამ მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა წონის და მოცულობის ტვირთი იყო თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხელისუფლებას არ გაუკეთებია

„19 სექტემბერს ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტმა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების დარღვევაში ამხილა სწორედ ის ირანული ავიაკომპაინია (Iran Air), რომელმაც 4 და 11 სექტემბერს საქართველოს გავლით ტვირთი რუსეთს მიაწოდა. Iran Air ატარებდა აკრძალულ საქონელს, მათ შორის, ელექტრონულ მოწყობილობებს რუსეთში, რაც აშკარად არღვევდა სანქციების რეჟიმს. აშშ დამატებით სანქციებს უწესებს Iran Air-ის კუთვნილ Boeing 747-ის თვითმფრინავებს. სწორედ ამ, 747-ის ტიპის ბოინგებით ხდებოდა საეჭვო გადაზიდვები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით, აკრძალული საქონლის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ელენე ხოშტარიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმ ტვირთის შესახებ, რომელიც ორჯერ, 4 და 11 სექტემბერს მიეწოდა რუსეთს საქართველოს გავლით.

სანქცირებულია თუ არა ირანული თვითმფრინავი, რომელიც საქართველომ გაატარა?

მასალების გადაბეჭდვის წესი