საზოგადოება

რა ეშველებათ სტუდენტებს — სწავლა იწყება, ბინები კი კვლავ ძვირია

15 სექტემბერი, 2022 • 2404
რა ეშველებათ სტუდენტებს — სწავლა იწყება, ბინები კი კვლავ ძვირია

საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა იწყება, თუმცა პირველკურსელთა დიდი ნაწილი საცხოვრებელს კვლავ ვერ პოულობს.

ზოგ შემთხვევაში მოქმედ სტუდენტებს იმ ბინების დატოვებაც უწევთ, რომელსაც აქამდე ქირაობდნენ.

მიზეზი ძირითადად გაზრდილი ფასებია, რომლის გადახდაც სტუდენტებსა და მათ ოჯახებს არ შეუძლიათ.

რატომ ძვირდება ბინები, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება — ნეტგაზეთი ამ კითხვებზე პასუხების პოვნას შეეცადა.

რას ჰყვებიან სტუდენტები

ლიკა იმერეთის რეგიონიდანაა და უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა, თუმცა ბინას, რომელშიც მეგობრებთან ერთად გეგმავს ცხოვრებას, ჯერ ვერ პოულობს.

„წელს ჩავაბარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, თუმცა ბინას ვერ ვპოულობ. ამ პრობლემის წინაშე ძალიან ბევრი სტუდენტი დგას.

ზოგი მეპატრონე ამბობს, რომ სტუდენტებს არ უშვებს. მაღალი ფასის გამო გადავწყვიტეთ, რომ 4 მეგობარი გავერთიანებულიყავით, მაგრამ ზოგს არ სურს ბინის ბევრისთვის მიქირავება.

უკვე ერთი თვეა ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ ვერაფერი. ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს, მაგრამ დავფიქრდი „აკადემიურის“ აღებაზე და სწავლის შემდგომში გაგრძელებაზე“, — უყვება ნეტგაზეთს ლიკა.

მისი განცხადებით, მეგობრებთან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა გააცნობიერა, რომ ბინის საფასურს დამოუკიდებლად ვერ გადაიხდიდა.

კიდევ ერთი სტუდენტი ნეტგაზეთს უყვება, რომ ბინის დატოვება მოუწია, ახალი ბინის პოვნა კი ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

„მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი და, როგორც თავად მითხრეს, ოჯახის წევრებისთვის უნდოდათ. ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღე ვეძებდი ბინას, კარდაკარ და საბოლოოდ ნახალოვკაში ვიპოვე.

ძალიან პატარა ბინაა ძველ კორპუსში, თუმცა ძვირად არ მიშოვნია, 350 ლარად ვქირაობ. როგორც გამქირავებელმა მითხრა, ქირა არ ადარდებს, მისთვის მთავარია ბინას მოვუარო. უნივერსიტეტამდე მისასვლელად 40 წუთი მჭირდება.

ბინის ძებნა ჩემს უნივერსიტეტთან ახლოს არც მიფიქრია, იქ ლარში შოვნა ძალიან ძნელია. ძირითადად გარეუბნებში ვეძებდი, ძვირი რომ არ ყოფილიყო.

400-500 ლარი მქონდა ბიუჯეტი და ეგეც ძალიან რთული იყო ჩემთვის, თუმცა ოჯახის წევრები მეხმარებიან. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ხელფასი ბინის ქირაში მიდის“, —ეუბნება ნანა ნეტგაზეთს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

ახალი ბინა, რომლის ქირაობაც ნანამ შეძლო

მისი განცხადებით, ძალიან დიდი პრობლემაა ერთდროულად სწავლა და მუშაობა, თუმცა მუშაობისთვის თავის დანებების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„ჯერ არ ვიცი, რამდენად შევუთავსებ სწავლასა და მუშაობას ერთდროულად. გასულ წელს ძალიან ბევრი საგანი ვერ დავხურე, ერთი წელი დავკარგე.

ალბათ, წელსაც მომიწევს მუშაობა. თუ ძალიან გამიჭირდება, მომიწევს სამსახურის დატოვება, მაგრამ შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გამიჭირდება“, — ამბობს ის.

კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც ქვემო ქართლიდანაა, ბინის ქირის გაძვირების გამო იძულებული გახდა სხვა ბინა ეშოვა.

„ადრე 600 ლარს ვიხდიდით მე და ჩემი მეგობარი სამოთახიან ბინაში. შემდეგ 660 გახადა და ბოლოს 750, ამიტომ გადავედით. ახლაც 600 ლარს ვიხდით, მაგრამ უკვე მხოლოდ ერთ ოთახში“, — აცხადებს ორხანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ორხანი ამბობს, რომ ბინის ქირის გადასახდელად იძულებულია იმუშაოს, თუმცა ეს ცუდად აისახება განათლების მიღებაზე.

„ოჯახი ვერ მეხმარება. იცი, რა რთულია თან მუშაობა და თან სწავლა?! დილით ვსწავლობ, ღამით ვმუშაობ. ეს ძალიან ცუდად აისახება სწავლაზე. ღამენათევი მიწევს უნივერსიტეტში სიარული“, — ამბობს ის.

ლიკას, ნანასა და ორხანის შემთხვევები არ არის გამონაკლისი. საცხოვრებელი ადგილის დატოვება თუ ახალი ბინის მოძიება არაერთ სტუდენტს მოუწია.

როგორ და რატომ გაძვირდა ბინები

უძრავი ქონების სპეციალისტის, გელა გიგინეიშვილის თანახმად, ბინების გაძვირება რუსეთის მოქალაქეების საქართველოს დიდ ქალაქებში გადმოსვლას უკავშირდება.

„თანხას უკვე აღარავინ კითხულობს. ისინი იხდიან გაორმაგებულ, გასამმაგებულ ფასს, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია.

ახლა, ფაქტობრივად, მთელ თბილისში ერთი ფასია. გლდანში და ვარკეთილში შეიძლება ოროთახიანი ბინა 1000 დოლარად გაქირავდეს.

გაძვირებაც, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთიდან შემოსულ კლიენტებს უკავშირდება. ადრე ასეთი არეულობა არ იყო. კრწანისს თავისი ფასი ჰქონდა, ვაკეს თავისი“, — აცხადებს გელა გიგინეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, სტუდენტებს ბინის ქირაობა სწორედ ამ მიზეზით გაუძვირდათ.

„სტუდენტები ბინებს ვერ პოულობენ და ფაქტობრივად ქუჩაში არიან. მათ არ შეუძლიათ გადაიხადოს ის თანხა, რასაც რუსეთის მოქალაქეები იხდიან.

ოროთახიან ბინაში სტუდენტი რომ შეძლებს 500 დოლარის გადახდას, რუსეთის მოქალაქე გადაიხდის 1000 დოლარს. ამიტომ, სტუდენტები ქუჩაში რჩებიან“, — აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, ბაზარზე ბოლო პერიოდში ფასები გაორმაგდა და ზოგ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც.

ბინის ქირის ზრდას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, აგვისტოს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებლის ფაქტობრივი გადასახადი 22.5 პროცენტითაა გაზრდილი.

IDFI-ის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე.

მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ „რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცნენ“, ან ქვეყანა „პროტესტის ნიშნად დატოვეს“, თუმცა ძირითადად ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა, რის გამოც ქვეყანა არაერთმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.

რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მოქალაქეები ძირითადად დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ქირაობენ ბინებს.

სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობს საქართველოს უმაღლესი და სასწავლო უნივერსიტეტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.

უძრავ ქონებაზე ფასები გაძვირდა სომხეთშიც, რომელშიც ომის დაწყების შემდეგ, ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე გადავიდა საცხოვრებლად.

რა არის გამოსავალი

განათლების სპეციალისტისა და მასწავლებლის, თორნიკე შევარდნაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც სწავლა უკვე იწყება, დაგვიანებულია პრობლემის მოგვარების გზებზე საუბარი.

„ამ მოკლე პერიოდში, ალბათ, ვეღარაფერი შეიცვლება. ალბათ, სტუდენტები საკუთარ პრობლემებს თვითონ, ინდივიდუალურად თუ მოაგვარებენ, რაც ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია ვალთან. ამ მხრივ ქართველი სტუდენტები ერთ-ერთი პირველნი არიან აღმოსავლეთ ევროპაში

მეორე ვარიანტი, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება მოგვარდეს, არის ერთჯერადი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან.

ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბინის ქირის თანადაფინანსება, ან სხვა ტიპის დახმარებები მაგალითად, სწავლის გადასახადზე შუამდგომლობა. ეს შეიძლება იყოს ის, რაც უმოკლეს პერიოდში შეიძლება გაკეთდეს“, — აცხადებს შევარდნაძე.

მისივე განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია „ზედა დონეზე პოლიტიკის ცვლილება სტუდენტების უთანასწორობის, სოციალური და საბინაო პოლიტიკისა და უფრო ფართო საკითხების შესახებ.

განათლების სპეციალისტი ასევე საუბრობს სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საჭიროების შესახებაც, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს.

სტუდენტები ამბობენ, რომ ბაგეში საერთო საცხოვრებელი, სულ მცირე, რემონტს საჭიროებს.

ჯამში, თსუ-ს ორ საერთო საცხოვრებელში 500-მდე ადგილი აქვს, თუმცა სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის და ბაგების საცხოვრებელში „ღირსების შემლახავი პირობებია“.

თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია არქივიდან:

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

რა ხდება მაშინ, როდესაც სტუდენტი განათლების მისაღებად იძულებულია იმუშაოს 

თორნიკე შევარდნაძის განცხადებით, სტუდენტები, რომლებიც იძულებულნი არიან სწავლისა და ცხოვრების დასაფინანსებლად დასაქმდნენ, ხშირად სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ, რადგან მუშაობა სწავლის ხარისხზე აისახება.

„ბაზარზე ბინების გაძვირებამდე და პანდემიამდეც შეიმჩნეოდა, რომ სტუდენტების შემთხვევაში იყო უთანასწორობა. თუ თბილისში მცხოვრებ სტუდენტს გადასახდელი მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის საფასური აქვთ, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების შემთხვევაში ამას ემატება საცხოვრებლის ხარჯებიც.

სტუდენტი, რომელიც რეგიონიდანაა, რომელსაც არ აქვს გრანტი და აქვს გადასახდელი ბინის ქირა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმუშავებს, ეს კი განათლების ხარისხზე ახდენს უარყოფით გავლენას.

იმ სფეროში, სადაც სტუდენტები საქმდებიან, პირობები არ არის თავსებადი განათლებასთან, აქაა საუბარი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, ლექციების გაცდენაზე, დავალებების შეუსრულებლობაზე და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ აისახება განათლების ხარისხზე“, – აცხადებს თორნიკე შევარდნაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტური სტატუსი 48 624 პირს ჰქონდა შეჩერებული, მათ შორის 33.5 პროცენტს, უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების გამო.

შევარდნაძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ისეთი შემთხვევები, როდესაც სტუდენტები სწავლას ფინანსური პრობლემების გამო ანებებენ თავს, რეალურად, გაცილებით მეტია.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შექმნილ რეალობაში სასწავლო სტატუსის შეჩერება კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მოუწევს.

სახელმწიფოს პოზიცია

ნეტგაზეთს საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში, თსუ-ში განუცხადეს, რომ უნივერსიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად მუშაობს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის კი სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.

ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შექმნილ ვითარებაში, როცა ბინის ქირა გაიზარდა, რამაც სტუდენტებს პრობლემები შეუქმნა:

  • მუშაობდა თუ არა სამინისტრო აღნიშნული საკითხის შესახებ;
  • რა სტრატეგია ჰქონდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის;
  • და იგეგმებოდა თუ არა კონკრეტული პროექტების განხორციელება.

თუმცა სამინისტროდან ნეტგაზეთმა პასუხები ვერ მიიღო.

მთავარი ილუსტრაცია: გაგოშას სტენსილი

მასალების გადაბეჭდვის წესი