საზოგადოება

“ვითხოვთ თანასწორობას, ვითხოვთ სწავლის უფლებას” – სტუდენტი, რომელიც იძულებულია თბილისიდან გორში დაბრუნდეს

3 ივნისი, 2022 • 1264
“ვითხოვთ თანასწორობას, ვითხოვთ სწავლის უფლებას” – სტუდენტი, რომელიც იძულებულია თბილისიდან გორში დაბრუნდეს

30 წლის გელა სადაღაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ იძულებულია, სწავლა სასურველი უნივერსიტეტის ნაცვლად მშობლიურ ქალაქში, გორში გააგრძელოს.

მიზეზი თსუ-ს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, თითქმის ორწლიანი ონლაინ სწავლების შემდეგ ლექციები მაისიდან აუდიტორიებში გაგრძელდა. ამასთან, პოსტპანდემიურ პირობებში ბინის ქირის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განსაკუთრებული დარტყმა აღმოჩნდა რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის.

„თებერვლის ბოლოს გამოაცხადეს, რომ მაისში სწავლა იწყებაო [აუდიტორიებში] და მე უკვე ვხედავ, რომ ვერანაირად მოვახერხებ სწავლის გაგრძელებას და მთელი ეს ჩემი შრომა, მთელი ნაწვალები მეყრება წყალში. დავიწყე ფიქრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ბინებს ვეძებდი. მინიმალური ფასი მაშინ 300 ლარამდე იყო.

ამ შემთხვევაშიც პრობლემა იყო ის, რომ თვე-ნახევრით და ორი თვით ბინის მესაკუთრეები არ აქირავედნენ ფართებს. ჩემთვის ეს პერიოდი, ანუ თებერვლის ბოლოდან მარტის ბოლომდე, სანამ მეორედ გამოაცხადებდნენ საერთო საცხოვრებელში რეგისტრაციას, იყო ჯოჯოხეთი. დავკარგე მოტივაცია, უბრალოდ ვეღარ ვხედავდი გამოსავალს და გზას“, — უთხრა გელამ ნეტგაზეთს.

მან ბაგებში, სტუდენტურ საცხოვრებელში მოახერხა რეგისტრაცია, თუმცა მის მსგავსად არ გაუმართლა ყველას.  თსუ-ს საერთო საცხოვრებლებში ადგილები შეზღუდულია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაგების გარდა საერთო საცხოვრებელი კომპლექსი აქვს ლისზეც, რომელიც სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კოსპუსისგან შედგება და 320 სტუდენტს იტევს, ბაგებში კი -396 სუტდენტს. ბაგებისგან განსხვავებით, ლისის სტუდენტური საცხოვრებელი შედარებით ახალია და სტუდენტებიც უკეთეს პირობებში ცხოვრობენ. ლისზე სტუდენტის გადასახადი 150 ლარია, ბაგებში კი -50.

თსუ-ს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაგების საერთო საცხოვრებლის შენობა, რომელიც 396 ადგილისგან შედგება, სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რაც ახალი შენობის მშენებლობაზე ძვირი ჯდება, რის გამოც თსუ გეგმავს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი