საზოგადოება

შვილის მკვლელობაში დუგინიც უკრაინას ადანაშაულებს

22 აგვისტო, 2022 •
შვილის მკვლელობაში დუგინიც უკრაინას ადანაშაულებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი, დარია დუგინა ემსხვერპლა, “ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა” მოაწყო. დუგინას გარდაცვალების შემდეგ მამამისის პირველ კომენტარს მისივე ტელეკომპანია “ცარგრადი” ავრცელებს.

დუგინის სიტყვებით, რაც მოხდა, არის ნების გატეხვის მცდელობა „სისხლიანი ტერორით“, თუმცა, როგორც ამბობს, რუსეთის მტრები მიზანს ვერ მიაღწევენ.

“ჩვენი გულები უფრო მეტისკენ ისწრაფვიან, ვიდრე უბრალოდ შურისძიებაა. ეს ძალიან მდარე, არარუსული [საქციელია]. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა უმანკო სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ!” — ამბობს დუგინი.

კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

აფეთქების დღეს დუგინები ესწრებოდნენ ფესტივალს „ტრადიცია“, საიდანაც ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ მანქანით. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წუთს დუგინმა დაბრუნება სხვა მანქანით გადაწყვიტა.

რუსული სახელმწიფო მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ დუგინას მანქანაზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

დარია დუგინა, მამის, ალექსანდრ დუგინის მსგავსად, აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ის გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე წერდა პროპაგანდისტული მედია RT-სა და მამამისის მიერ დაფუძნებული Царьград-სთვის. მამის მსგავსად, ისიც მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებში.

22 აგვისტოს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა(FSB) დუგინას მკვლელობაში უკრაინის სპეციალური სამსახურები დაადანაშაულა.

წინა დღეს, 21 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ “ტელეგრამაში” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საქმესთან უკრაინის კავშირი გამოჩნდებოდა, ეს იქნებოდა “სახელმწიფო ტერორიზმის” ტოლფასი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გუშინვე უარყო აღნიშნული ბრალდება.

“უკრაინას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო ა[მ საქმესთან], რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო”, — დასძინა მან.

მეორე მხრივ, FSB-ს განცხადებამდე, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომორევმა თქვა, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

მასალების გადაბეჭდვის წესი