დარია დუგინას მანქანაზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
“ახლა დადგინდა, რომ დუგინას მანქანაზე ბომბი დისტანციურად ამოქმედდა”, – ციტირებს Tass წყაროს. ამავე წყაროს თანახმად, სავარაუდოდ, მანქანას უკან მიჰყვებოდნენ და მის მოძრაობას აკონტროლებდნენ.
მეორე მხრივ, რუსული პლატფორმა Mash წერს, რომ მკვლელობამდე დარია დუგინას მიჰყვებოდა მანქანა, რომელშიც გაუფორმებელი ტელეფონების მქონე პირები ისხდნენ. ერთ-ერთი ასეთი ტელეფონიდან განხორციელებული ზარის მეშვეობით კი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება იყო შესაძლებელი.
“ამ ვერსიას გამოძიება განიხილავს”, — წერს Mash.
კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. დარია დუგინა, მამის, ალექსანდრ დუგინის მსგავსად, აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
დუგინა გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე წერდა პროპაგანდისტული მედია RT-სა და მამამისის მიერ დაფუძნებული Царьград-სთვის. მამის მსგავსად, ისიც მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებში.
21 აგვისტოს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომორევმა თქვა, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.
დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი