საზოგადოება

FSB დუგინას მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

22 აგვისტო, 2022 • 1925
FSB დუგინას მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB) განცხადებით, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა. რუსული “ინტერფაქსის” თანახმად, უწყება მომხდარში უკრაინის სპეციალურ სამსახურებს ადანაშაულებს.

FSB-ს თანახმად, “კონტრაქტორი” არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს, რომელიც რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა 12 წლის შვილთან ერთად.

უწყების ვერსიით, “დუგინას მკვლელობის ორგანიზებისა და მისი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად” მათ იქირავეს ბინა მოსკოვში, კორპუსში, “სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა”.

როგორც FSB-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში ამბობენ, დუგინას მკვლელობის შემდეგ “ვოვკი ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა პსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში”.

კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. დარია დუგინა, მამის მსგავსად, აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

დუგინა გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე წერდა პროპაგანდისტული მედია RT-სა და მამამისის მიერ დაფუძნებული Царьград-სთვის. მამის მსგავსად, ისიც მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებში.

წინა დღეს, 21 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ “ტელეგრამაში” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საქმესთან უკრაინის კავშირი გამოჩნდებოდა, ეს იქნებოდა “სახელმწიფო ტერორიზმის” ტოლფასი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გუშინვე უარყო აღნიშნული ბრალდება.

“უკრაინას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო ა[მ საქმესთან], რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო”, — დასძინა მან.

მეორე მხრივ, FSB-ს განცხადებამდე, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომორევმა თქვა, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

მასალების გადაბეჭდვის წესი