საზოგადოება

ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს – რა არის ცნობილი

21 აგვისტო, 2022 • 4037
ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს – რა არის ცნობილი

მოსკოვის ოლქში, მანქანაში ააფეთქეს კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი – დარია დუგინა.

თავდაპირველად აფეთქების შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებმა Baza და 112-მა გაავრცელეს. ამ მედია პლატფორმების ინფორმაციით, მანქანა ავტობანთან ახლოს აფეთქდა, დაახლოებით 22:00 საათზე. დუგინა კი ადგილზე გარდაიცვალა.

ღამითვე ინფორმაციის დადასტურება დაიწყეს რუსეთის პროპაგანდისტებმა, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანმა. დილისთვის კი ინფორმაცია გაავრცელეს რუსეთის სამთავრობო მედიებმაც. Tass წერს, რომ Land Cruiser Prado, რომელშიც დუგინა იმყოფებოდა – ალექსანდრ დუგინის საკუთრებაშია. გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მუხლით.

აფეთქების დღეს დუგინები ესწრებოდნენ ფესტივალს „ტრადიცია“, საიდანაც ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ მანქანით. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წუთს დუგინმა დაბრუნება სხვა მანქანით გადაწყვიტა.

განახლება: მიხაილო პოდოლიაკი უკვე გამოეხმაურა დარია დუგინას აფეთქებას და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მომხდართან კავშირი არ აქვს.

ალექსანდრ დუგინი, კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და რუსული ულტრამემარჯვენე ტელევიზია ცТВ-ს დამფუძნებელი. საჯარო სივრცეში ის პოზიციონირებს როგორც პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი. აქტიურად ემხობა რუსეთის საზღვრებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებას. დუგინს მოიხსენიებენ კიდეც, როგორც „პუტინის ტვინად“.

დუგინი აქტიურად უჭერდა მხარს ყირიმის ანექსიას და ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა უკრაინის „ნეონაცისტებიგან გაწმენდის შესახებ“. დუგინი არაერთ პლატფორმაზე ასევე .უკრაინაში ომის მსგავსად, ალექსანდრ დუგინი 2008 წლის ომის მხარდამჭერიც იყო, როგორც „რონდელის ფონდი“ წერს, ის არის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგი, რომელიც „2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას ურჩევდა თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას“.

დარია დუგინა მამის იდეოლოგიისა და ხედვებს იზიარებს. მასთან ერთად ის გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე წერდა პროპაგანდისტული მედია RT-ს და დუგინის დაფუძნებულ „Царьград“-თვის. მამის მსგავსად ისიც მოჰყვა სანქციებში, კერძოდ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის.

დარია დუგინა უკრაინაში შეჭრას აქტიურად უჭერდა მხარს, ავრცელებდა იმ პროპაგანდულ ნარატივს, რომ უკრაინას „ნაცისტებისგან წმენდენ“ და რუსეთის უკრაინაში შეჭრას უწოდებდა „ცივილიზაციების ჯახს“. Meduza-ს ინფორმაციით, დუგინა ერთ-ერთი თანაავტორია უკრაინაში ომის შესახებ დაწერილი წიგნის სახელად – Книга Z.

განახლება: რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი ილია პონომორევი ამბობს, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.

„ეროვნული რესპუბლიკური არმია“ – პონომორევის თქმით, ასე ჰქვია ახალ პარტიზანულ მოძრაობას, რომლის მიზანი კრემლის რეჟიმის დამარცხებაა.

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

მასალების გადაბეჭდვის წესი