საზოგადოება

ბურუსით მოცული საქმეები რუსეთში, რომლებიც დუგინას მკვლელობისგან განსხვავებით 2 დღეში არ “გამოუძიებიათ”

24 აგვისტო, 2022 •
ბურუსით მოცული საქმეები რუსეთში, რომლებიც დუგინას მკვლელობისგან განსხვავებით 2 დღეში არ “გამოუძიებიათ”

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს არასრული ორი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ გახსნილად გამოეცხადებინა რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის შვილის მკვლელობის საქმე და მომხდარში უკრაინის სპეცსამსახურები დაედანაშაულებინა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მცირე დროში არათუ მკვლელობის უშალოდ შემსრულებელი გამოკვეთა, არამედ დაადგინა, ვინ დაგეგმა ეს საქმე და რომელ ჯგუფს ეკუთვნოდა ის:

რუსეთის მტკიცებით, საუბარია პოლკ “აზოვის” წევრ უკრაინელ ქალზე, რომელიც ქვეყანაში არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა, ბინა დუგინას კორპუსში იქირავა, ჩაიდინა დანაშაული, რომელიც FSB-მ აღწერა, შემდეგ რუსეთის დატოვება მოახერხა – ეს ყველაფერი ისე, რომ ვერავინ შენიშნა და ვერავინ შეაჩერა.

რუსეთის ეს ვერსია არაერთ კითხვას ბადებს. საეჭვო ასპექტებს შორისაა მოცემულობა, რომ FSB-მ არასრულ 48 საათში შეძლო მსგავსი საქმის გახსნა, მაშინ როცა რუსეთში მომხდარი არაერთი გახმაურებული მკვლელობის გამოძიება — მათ შორის, პუტინის კრიტიკოსებისა — წლების მანძილზე გრძელდება და თუ უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებს აპატიმრებენ, ხშირ შემთხვევაში უცნობი რჩება, ვინ იყო დამკვეთი.

ანნა პოლიტკოვსკაიას საქმე

“ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაცია” რუსეთში დაუსჯელობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევად მოიხსენიებს ანნა პოლიტკოვსკაიას საქმეს: “ნოვაია გაზეტას” გამომძიებელი ჟურნალისტისა, რომელიც 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლული იპოვეს.

პოლიტკოვსკაია აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთის ომს, იკვლევდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში და არ ერიდებოდა პუტინის ხელისუფლების კრიტიკას. გასული წლის ოქტომბერში დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა.

ცნობილ ჟურნალისტს ხშირად ემუქრებოდნენ, სახელმწიფო მედიისგან კი, რომელიც არაპატრიოტულად მიიჩნევდა მის საქმიანობას, არაერთგზის იყო კრიტიკის ობიექტი. გარდა პუბლიკაციებისა, პოლიტკოვსკაიას დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნიც, რომლებშიც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს.

ქალი ყვავილებს ტოვებს მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას პორტრეტთან. მოსკოვი რუსეთი. 07.10.2009 ფოტო: AP/Pavel Golovin

ანნა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 11 წლის შემდეგ მკვლელობის საქმეზე 6 ადამიანი გაასამართლეს:

მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ჩეჩენ განგსტერს, ლომ-ალი გაიტუკაევს, ისევე როგორც მის ბიძაშვილს, რუსტამ მახმუდოვს. 3 სხვა პირს მიუსაჯეს პატიმრობა, რომლის ზომაც 12-და 20 წლამდე მერყეობს. მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის გაასამართლეს ყოფილი პოლიციელიც.

თუმცა გამოძიებას არასდროს გამოუკვეთია პირი, რომელმაც მკვლელობა შეუკვეთა. 2018 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა საქმის ადეკვატურად გამოძიების ვალდებულება და ვერ მიიღო ადეკვატური ზომები მკვლელობის დამკვეთი პირის/პირების მოსაძებნად.

ბორის ნემცოვის საქმე

ბორის ნემცოვი 1990-იან წლებში, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს, რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო და ელცინის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ. თუმცა მის ნაცვლად რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, ნემცოვი კი ოპოზიციაში გადავიდა.

ბორის ნემცოვი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა, ამხელდა რა კორუფციას რუსეთში. მან ასევე დაგმო 2014 წელს რუსეთის თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ქუჩაში მოკლეს. ეს მოხდა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც სწორედ ნემცოვი უნდა ყოფილიყო.

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 1 კვირაში 5 კაცი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდანაა.

უშუალოდ სროლაში ბრალდებული ზაურ დადაევი პოლიციის ყოფილი ოფიცერია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უსაფრთხოების ძალებში მუშაობდა. დანარჩენ ოთხ კაცს მის თანამზრახველობას ედავებოდნენ.

ბორის ნემცოვის სურათი და ყვავილები კრემლის მიმდებარედ — იქ, სადაც პოლიტიკოსი მოკლეს. ფოტო: AAP/EPA/Sergei Ilnitsky

საბოლოოდ დადაევი 20 წლით დააპატიმრეს, დანარჩენების შემთხვევაში კი სასჯელის ზომა 11-დან 19 წლამდე მერყეობს. მედია ციტირებდა პროკურორებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კაცების ჯგუფს მკვლელობის განხორციელებისთვის 15 მილიონ რუბლი უნდა მიეღო.

ნემცოვის ოჯახი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ გამოძიებამ არ გასცა პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ ვინ გასცა ნემცოვის მოკვლის ბრძანება; არ შეეცადა, შეესწავლა პოლიტიკოსის მკვლელობაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შესაძლო მონაწილეობა.

2022 წლის მარტში Bellingcat-ის, The Insider-ისა და BBC-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი FSB-თან დაკავშირებული აგენტი ვალერი სუხარევი უთვალთვალებდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სუხარევი ასევე დაკავშირებულია სხვა რუსი ოპოზიციონერების, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას მკვლელობის მცდელობებთანაც.

ნატალია ესტემიროვას საქმე

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა ჩეჩნეთის დედაქალაქიდან, თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან შეიარაღებული კაცების ჯგუფმა გაიტაცა. ის იმავე დღეს მეზობელი ინგუშეთის ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს.

The Moscow Times-ის მიხედვით, ესტემიროვა მუშაობდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ასობით საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გატაცების, წამებისა და მკვლელობის შემთხვევებზე რუსეთის ძალების მიერ ჩეჩნეთში სამხედრო კამპანიების დროს, 1990-იან და 2 000-იან წლებში.

ესტემიროვას მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს ჩეჩენ ამბოხებულს, ალხაზურ ბაშაევს, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, შურისძიება ამოძრავებდა ესტემიროვას მიერ მასზე მომზადებული მასალის გამო. გამოძიებამ მოტივთა შორის ასევე დაასახელა ჩეჩნეთის მმართველთა რეპუტაციის შელახვის მცდელობა ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობით.

ხსენებულ ვერსიას უნდობლობა გამოუცხადეს ესტემიროვას კოლეგებმა დამოუკიდებელი გაზეთიდან “ნოვაია გაზეტა” და უფლებადამცველი ორგანიზაციიდან “მემორიალი”, რომელთაც მალევე შეისწავლეს გამოძიების მასალების მათთვის ხელმისაწვდომი ნაწილი.

ნატალია ესტემიროვა. ფოტო: Renaud Visage

ორგანიზაციები ოფიციალურ ვერსიაში არსებულ შეუსაბამობებზე ამახვილებენ ყურადღებას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ვერსია შეთხზეს, რათა თავიდან აერიდებინათ გამოძიება ჩინოვნიკების, მათ შორის, ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების შესაძლო მონაწილეობაზე მკვლელობაში.

მოგვიანებით, 2021 წელს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ნატალია ესტემიროვას მკვლელობის სათანადოდ გამოძიება. სტრასბურგმა ხაზი გაუსვა, რომ გამომძიებლებს არ აუხსნიათ, რატომ არ იქნა ნაპოვნი მკვლელობაში ბრალდებულის (ან) მასზე დაქვემდებარებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში შემავალი პირების დნმ-ის კვალი.

მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ ესტემიროვას მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს მონაწილეობის ნიშნები არ არსებობს. განაჩენის ეს ნაწილი იმედგამაცრუებელი იყო როგორც მოკლულის ოჯახისთვის, ისე ორგანიზაციისთვის “მემორიალი”.

რუსეთის ხელისუფლების მიერ მკვლელობაში დადანაშაულებული ბაშაევი არ დაუკავებიათ. 13 წლის შემდეგაც დაუზუსტებელია, რა ბედი ეწია მას.

ჰაჯიმურად კამალოვის საქმე

ჟურნალისტი ჰაჯიმურად კამალოვი რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში მოქმედი გაზეთის “ჩერნოვიკი” რედაქტორი იყო. გამოცემა სიღრმისეულ მასალებს ამზადებდა პოლიციის ძალადობის შესახებ მეამბოხე ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლისას.

კამალოვი 2011 წლის 15 დეკემბერს დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, თავისი ოფისის წინ ჩაცხრილეს. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

“რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს მიხედვით, საქმეზე გამოძიება, რეალურად, 2018 წელს, რამდენიმე დაღესტნელი მაღალჩინოსნის დაკავების შემდეგ დაიწყო. აქედან ერთ-ერთს — დაღესტნის ვიცე-პრემიერის მოვალეობის აწ უკვე ყოფილ შემსრულებელს, შამილ ისაევს, ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთა დასდეს ბრალად.

ჰაჯიმურად კამალოვი. ფოტო: Str/AFP/Getty Images

საბოლოოდ, ჰაჯიმურად კამალოვის მკვლელობიდან 11 წლის შემდეგ, 2022-ის ივლისში, დონის როსტოვის სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა შამილ ისაევს, კიდევ ორ პირს კი — მურატ სჰაიბოვსა და მაგომედ ხაზამოვს, რომელთაც მკვლელობის ჩადენას ედავებოდნენ — 23 და 24 წელი.

მეოთხე ბრალდებულს, მაგომედ აბიგასანოვს, რომელმაც თავდასხმაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალი აღიარა, 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მედია წერდა, რომ მოკლულის ძმას, მაგდი კამალოვს, არ სჯეროდა ოფიციალური ვერსიის, აღიშნავდა რა, რომ გამოძიება არასწორი გზით წავიდა. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კამალოვმა “კავკაზ რეალიის” გაუზიარა თავისი დასკვნა, რომლის თანახმადაც აწ უკვე მსჯავრდებულთაგან მხოლოდ ერთი — მაგომედ აბიგასანოვი იყო დანაშაულის მონაწილე.

“რადიო თავისუფლების” მიხედვით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლულის ძმა იმედოვნებდა, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდებოდა, დასძენდა რა, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში უფრო მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

მიხაილ ბეკეტოვის საქმე

2013 წლის 8 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი — ადგილობრივი გაზეთის, “ხიმკინსკაია პრავდას” დამფუძნებელი და რედაქტორი, რომელიც აქტიურად იბრძოდა სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ.

ქალაქ ხიმკიში მცხოვრები ბეკეტოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ხიმკის ტყის გავლით — ერთი მხრივ, ტყის გაჩეხვისა და მეორე მხრივ, ადგილობრივ მაღალჩინოსანთა შესაძლო გამორჩენის გამო — 2008 წლის 13 ნოემბერს სცემეს რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა კაცებმა. უგონო მდგომარეობაში მიტოვებული ჟურნალისტი 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ მეზობლებმა იპოვეს.

ბეკეტოვს არც იქამდე ჰქონია მშვიდი ცხოვრება: ადგილობრივი აქტივისტი ევგენია ჩირიკოვა აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტს არაერთგზის ემუქრებოდნენ მისი საქმიანობის გამო.

სანამ უმოწყალოდ სცემდნენ, 2007 წლის მაისში ავტომობილი დაუწვეს, ძაღლი კი მოუკლეს. ბეკეტოვმა მაშინ თქვა, რომ ეჭვი ქალაქის მერზე ჰქონდა. დაიწყო გამოძიებაც, თუმცა საქმე მტკიცებულებების ნაკლებობის გამო დაიხურა.

“გასულ გაზაფხულზე ქალაქის ხელმძღვანელობის გადადგომა მოვითხოვე. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ავტომობილი აფეთქდა. კიდევ რა მელის?” — წერდა ჟურნალისტი.

მიხაილ ბეკეტოვი

იმან, რაც ბეკეტოვს შემდეგ დამართეს, საბედისწეროდ შეცვალა მისი ცხოვრება: სასტიკად ცემის შემდეგ ჟურნალისტს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მარცხენა ხელზე კი სამი თითი დაკარგა. ჟურნალისტს მძიმედ დაუზიანდა ტვინიც, რის გამოც ფაქტობრივად ვეღარ საუბრობდა.

მომდევნო წლები მიხაილ ბეკეტოვმა ეტლში გაატარა, გაჭიანურებული გამოძიება კი წინ არ წასულა. ჟურნალისტის მეგობარი “რადიო თავისუფლებას” ეუბნებოდა, რომ მეზობელ სახლზე დამონტაჟებულ კამერას თავდასხმის დაფიქსირება შეეძლო და იყვნენ მოწმეებიც, რომლებმაც დაინახეს, როგორ მორიგეობდა უცხო მანქანა ბეკეტოვის სახლთან თავდასხმის წინა დღეს.

“თუმცა, გამოძიების დაწყებისას მოწმეებს უარი ეთქვათ საუბარზე, ხოლო ვიდეოკამერა, გამომძიებლების თქმით, სხვა მხარეს იყო მიმართული”, — წერდა გამოცემა.

ბეკეტოვის ცემიდან თითქმის 14 წელია გასული, გარდაცვალებიდან — 9. მიხაილ ბეკეტოვზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ არიან არც პასუხისგებაში მიცემულნი და არც იდენტიფიცირებულნი.

სანამ გარდაიცვლებოდა, ხიმკის მერმა მიხაილ ბეკეტოვს სასამართლოში უჩივლა. ის ცილისწამებად აფასებდა ჟურნალისტის უწინდელ განცხადებას მანქანის დაწვაში მისი მონაწილეობის შესახებ. ბეკეტოვი, რომელსაც აღარც ლაპარაკი შეეძლო და აღარც წერა, სასამართლოში მიიყვანეს და 5 000 რუბლით დააჯარიმეს. შემდგომი ინსტანციის სასამართლომ ჟურნალისტი გაამართლა.

2011 წელს, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, ბეკეტოვი რუსეთის მთავრობის მიერ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ჯილდოს ერთ-ერთ მფლობელად გამოაცხადეს. ჟურნალისტმა სერგეი პარხომენკომ, რომელიც ასევე გამოცხადდა გამარჯვებულად, ცინიკური უწოდა რუსეთის მთავრობის ამ ნაბიჯს.

მასალების გადაბეჭდვის წესი