საზოგადოება

დადგენილია კავშირი ნემცოვის მკვლელობასა და ნავალნის მოწამვლას შორის – BBC, Bellingcat, The Insider

28 მარტი, 2022 • 2613
დადგენილია კავშირი ნემცოვის მკვლელობასა და ნავალნის მოწამვლას შორის – BBC, Bellingcat, The Insider

Bellingcat-ის, The Insider-ის და BBC-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბორის ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი FSB-თან დაკავშირებული აგენტი ვალერი სუხარევი უთვალთვალებდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სუხარევი ასევე დაკავშირებულია სხვა რუსი ოპოზიციონერების, ალექსანდრე ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას მკვლელობის მცდელობებთანაც.

მატარებლისა და ფრენის ჯავშნების მიხედვით, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სუხარევი ნემცოვს მინიმუმ 13 მოგზაურობისას უთვალთვალებდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სუხარევმა წინასწარ იცოდა ნემცოვის გეგმები, რადგან ის ხშირად ჩადიოდა იმავე ქალაქში მასზე რამდენიმე წუთით ან საათით ადრე, სადაც თავად ნემცოვი მიემგზავრებოდა.

მათივე ცნობით, სუხარევი ბოლოს ნემცოვს 2015 წლის 17 თებერვალს გაჰყვა, მკვლელობამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე.

რაც შეეხება ნავალნის, 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ჯერ რუსეთში, რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს, საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ კი, 22 აგვისტოს გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნი კი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება რუსეთის ციხეში.

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ნავალნის უშუალოდ სუხარევი არ უთვალთვალებდა. თუმცა სატელეფონო ჟურნალებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ნავალნის მოწამვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სუხარევმა გაცვალა 145 სატელეფონო ზარი ან ტექსტი იმ გუნდის სულ მცირე ოთხ წევრთან, რომლებიც ნავალნის მოწამვლასთან არიან დაკავშირებული.

რუსეთის მთავრობა ამ დრომდე უარყოფს რაიმე სახის კავშირს როგორც ნემცოვის მკვლელობასთან, ასევე, ნავალნისა და კარა-მურზას მკვლელობის მცდელობებთან.

BBC-მ რუსეთის მთავრობას და FSB-ს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინათ მტკიცებულებაზე, რომ ნემცოვს FSB-ს აგენტი უთვალთვალებდა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ: „ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მორიგი ფაბრიკაციაა“.


ბორის ნემცოვი 1990-იან წლებში, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს, რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო და მას ელცინის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ.  თუმცა მის ნაცვლად რუსეთის ხელისუფლების სათავაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, ნემცოვი კი ოპოზიციაში გადავიდა. ის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა, ამხელდა რა რუსეთში კორუფციას. ნემცოვმა ასევე დაგმო 2014 წელს რუსეთის თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე.

ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოკლეს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავდა.

ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ხუთი კაცი დააკავეს, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუსი კითხვებზე – ვინ და რატომ გასცა მისი მკვლელობის ბრძანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი