საზოგადოება

ვინ არის $300-მილიონიანი „თაღლითური პირამიდის“ შემქმნელი ლადო ოხოტნიკოვი

2 აგვისტო, 2022 • 6387
ვინ არის $300-მილიონიანი „თაღლითური პირამიდის“ შემქმნელი ლადო ოხოტნიკოვი

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC-მა) $300-მილიონიანი კრიპტო-პირამიდის შექმნის, თაღლითურად ამუშავებისა და მისი მუშაობის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირს წარუდგინა ბრალი. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს უკავშირდება.

ბრალდების თანახმად, 2020 წელს ბრალდებულებმა  შექმნეს ვებსაიტი Forsage.io და ამავე დასახელების („ფორსაჟი“) ყალბი კრიპტო-პირამიდის სქემა, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხეს ინვესტორებისაგან.

ბრალდებულებს შორისაა „ფორსაჟის“ ოთხი დამფუძნებელი, რომლებიც, კომისიის უკანასკნელი ცნობების თანახმად, ცხოვრობდნენ რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში.

იმ დამფუძნებლის ვინაობა, რომელიც, SEC-ის ინფორმაციით, საქართველოში ცხოვრობდა, არის ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვი.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ოხოტნიკოვი 1978 წლის 17 მარტს დაიბადა ყაზახეთში (იგი 44 წლისაა), გაიზარდა თათრეთში (რუსეთში), ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მოსკოვში, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

2021 წელს ოხოტნიკოვმა 2 მშენებარე ბინა (137 და 425 კვადრატული მეტრი ფართობის), 4 ავტოსადგომი და 30 კვადრატული მეტრის ფართობის აუზი იყიდა ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, „ნამაი ვაკეში“ (კუს ტბის აღმოსავლეთით, – ეს კორპუსი ბოლო წერტილია ვარაზის ხეობაში, –  ნინო ჟვანიასა და რევაზ ჯაფარიძის ქუჩების ერთგვარი გაგრძელება).

ოხოტნიკოვის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

ბრალდებულთა შორის არის შეერთებული შტატების სამი მოქალაქეც, რომლებიც, ბრალდების თანახმად, ხელს უწყობდნენ თაღლითური სქემის მუშაობას ფეისბუკსა და სხვა პლატფორმებზე.

უწყების განცხადებით, ვებსაიტის საშუალებით (forsage.io), – რომელიც 2020 წელს დააფუძნეს ვლადიმერ ოხოტნიკოვმა, ლოლა ფერარიმ, მიხაილ სერგეევმა და სერგეი მასლაკოვმა, – ინვესტორები ახორციელებდნენ ტრანზაქციებს „ეთერიუმზე“, „ტრონსა“ და „ბინანსზე“ (ღია პროგრამულ პლატფორმებზე, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული).

თუმცა, SEC-ის განცხადებითვე, „ფორსაჟი“ მოქმედებდა ე.წ. პირამიდის პრინციპით – ინვესტორები მოგებას ნახულობდნენ სქემაში სხვა ადამიანების ჩართვის გზით; ძველი ინვესტორებისთვის თანხის გადახდა კი ახალი ინვესტორების მიერ შემოტანილი თანხით ხდებოდა.

SEC წერს, რომ ერთი მხრივ, ფილიპინების მარეგულირებლის, მეორე მხრივ კი, აშშ-ის შტატ მონტანას ადგილობრივი მარეგულირებლის გაფრთიხლებების მიუხედავად, ბრალდებულებმა გააგრძელეს ამ სქემის ოპერირება და ბრალდებები უარყვეს.

ბრალდებულთაგან ორმა პირმა SEC-სთან მორიგება არჩია და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში,  ჯარიმა ექნებათ გადასახდელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი