ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი 2022 წლიდან კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებაზე დაიწყებს მუშაობას — მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით.
„კრიპტოვალუტების განვითარების კუთხით, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან AML, ანუ ფულის გათეთრების რეგულაცია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
„დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა. ამერიკამ უკვე გამოსცა გარკვეული რეგულაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის რეგულირება და ჩვენც ვმუშაობთ, რომ მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს ბაზრის რეგულირება“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ 26 იანვარს ტვ „პირველზე“, გამოცემა BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.
„ეს, ერთი მხრივ, შეიძლება შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის, ან პირიქით – მიეცეს მეტი სითამამე ზოგიერთ მოთამაშეს, რადგან ფულის გათეთრების მიმართულების კუთხით ნაკლები კითხვები იქნება და გარკვეული სტანდარტი დაწესდება“, – განაცხადა ლეჟავამ.