შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ვერტმფრენში, რომელიც გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც შსს აცხადებს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.
ამ ეტაპზე უცნობია ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდნის შემდეგ ფეთქდება.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.