საზოგადოება

„უცნობი“ პარლამენტისგან მედიაში ცილისწამების უფრო მკაცრად რეგულირებას ითხოვს

4 ნოემბერი, 2021 • 3367
„უცნობი“ პარლამენტისგან მედიაში ცილისწამების უფრო მკაცრად რეგულირებას ითხოვს

გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) პარლამენტს სთხოვს, შეიმუშაონ ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

პარლამენტის ბიურომ გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადების განხილვა 1 ნოემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაავალა.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან გაიგებთ, რა უძღოდა წინ ამ წინადადებას, რას გულისხმობს კონკრეტულად მისი შეთავაზება და როგორია არასამთავრობოების დამოკიდებულება.

მიმართვა პარლამენტს

28 ოქტომბერს გაჩეჩილაძემ პარლამენტის ბიუროში წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა მედიაში ცილისწამების დარეგულირებასთან დაკავშირებით.

„უცნობი“ წერს, რომ „ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე“.

მისი პოზიციით, „მაუწყებლობის შესახებ კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს რეაგირების სხვადასხვა ზომას, რომლებიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, არ არის ეფექტური“.

კერძოდ, გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ:

  • „უშუალოდ მაუწყებელთან კომუნიკაცია არ არის ეფექტური, რადგან კანონით გათვალისწინებული ქმედებები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება-გავრცელების პროცესის სამართლიანობას“. ხოლო „სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა მოტივაციას და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს“.

ამის გათვალისწინებით, გაჩეჩილაძე პარლამენტს სთხოვს, შეიმუშაოს და განიხილოს მაუწყებლობის შესახებ კანონში სათანადო ცვლილებები, რომლებიც „გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას“.

ამასთან, „უცნობი“ მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები „კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“ ექცეოდეს.

„მთავარი არხის“ სიუჟეტი

„უცნობის“ ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ მისი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო კავშირზე სიუჟეტის მომზადება.

22 წლის ნიკო კვარაცხელია, რომელიც სოციალური ქსელის, FEEDC-ის დამფუძნებელი იყო, თბილისში, ვერაზე, 2021 წლის 15 სექტემბერს დაჭრეს, რის შედეგადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა მის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 9 ოქტომბერს მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა კვარაცხელიას, რომელიც „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილი იყო, მკვლელობაში ბრალდებული პირები ძმები გაჩეჩილაძეების სახლს აფარებდნენ თავს. „მთავარმა“ ამ ინფორმაციის წყაროდ დაასახელა არაიდენტიფიცირებული „წყარო შსს-დან“.

ძმები, ლევან და გიორგი (გია, „უცნობი“) გაჩეჩილაძეები ენმ-ის მმართველობის პერიოდში ოპოზიციაში იყვნენ და იმდროინდელ მმართველ გუნდს უპირისპირდებოდნენ. ამჟამად ისინი ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. გიორგი გაჩეჩილაძე ასევე ტელეწამყვანია ტელეკომპანია „მაესტროზე“, სადაც გადაცემა „უცნობის კიდობანი“ მიჰყავს.

გიორგი გაჩეჩილაძე „მთავარ არხზე“ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და სიყალბესა და ცილისწამებას უწოდებს.

„უცნობის კიდობანის“ ერთ-ერთ გამოშვებაში გაჩეჩილაძემ პირდაპირ ეთერში დაურეკა მოქალაქეს, რომელმაც „მთავარი არხის“ სიუჟეტზე კომენტარების სექციაში გაჩეჩილაძეებს „ტუპოი“ [„შტერი“] უწოდა და დაწერა, რომ მათ „კარგი არაფერი ელით“. გაჩეჩილაძემ ამ მოქალაქეს „საქმე გაურჩია“ აღნიშნული კომენტარის გამო.

„დაგაბრალონ ერთი თქვენც თანამონაწილეობა ამ მკვლელობის და მერე ვნახოთ, როგორ ხასიათზე იქნებით“, — თქვა მან.

რეგულირების მცდელობები

ცილისწამების დეკრიმინალიზაცია საქართველოში 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონმდებლობით კი ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

„უცნობი“ პარლამენტს არ სთავაზობს რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს, მისი ხედვით, როგორ უნდა მოგვარდეს მისი აღწერილი საკითხი — რომელ მუხლს რა ფორმულირება უნდა დაემატოს, ან რა შინაარსი უნდა იქნას ამოღებული რომელი კანონიდან და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა სიმონიშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი“ შენიშნავს, რომ მედიაში ცილისწამების საკითხების დამატებითი რეგულირების საჭიროება ამჟამად არ არსებობს.

სიმონიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში იხსენებს, რომ ამ საჭიროების არარსებობის მიუხედავად, საზოგადოებას „ხელისუფლებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან არაერთხელ მოუსმენია ინიციატივები, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მკაცრად ყოფილიყო დარეგულირებული“:

„ხშირად ვისმენთ ხოლმე ამ საკითხის კრიმინალიზების თაობაზე მოსაზრებებს, ან გარკვეული ფორმით ეთიკის საკითხების თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანის მოთხოვნებს“, – ამბობს იგი.

მაგალითისთვის, გირჩევთ ვრცლად:

როგორც სიმონიშვილი ამბობს, ეს უკანასკნელი შემთხვევა გარკვეულწილად განსხვავებულია: „უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადი მოტივებით არის განპირობებული, ვიდრე საზოგადოებრივი საჭიროებიდან ან ზოგადი რეგულირების სურვილით“.

რა ნორმები მოქმედებს ახლა?

მარიამ გოგოსაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადამიანებს ორი ბერკეტი აქვთ: მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გამოყენება და სასამართლო.

თვითრეგულირების მექანიზმი გულისხმობს არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიმართვას, რა დროსაც ჟურნალისტური პროდუქტი პროფესიული წრეების მიერ ფასდება და ქარტიის პრინციპების დარღვევის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ გულისხმობს მაუწყებლებისთვის მაუწყებლობის შესახებ კანონით დავალებული შიდა რეგულირების მექანიზმების გამოყენებას.

რაც შეეხება სასამართლოს: ნიკა სიმონიშვილიც ხაზს უსვამს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცნობს ცილისწამების ცნებას და განმარტავს მას, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“.

„შესაბამისად, შესაძლებელია, რომ პირმა, ვინც თავის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა“, — ამბობს სიმონიშვილი და განმარტავს, რომ თუკი პირი დაამტკიცებს, რომ მასზე არსებითად მცდარი ფაქტი გაავრცელა მესამე პირმა, ამ უკანასკნელს დაეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„მიუღებელია დამატებითი რეგულაციები“

ნიკა სიმონიშვილის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია ცილისწამებაზე რეგულაციების გამკაცრება: „ის სტანდარტი, რაც არჩეული აქვს საქართველოს კანონმდებლობას, არ უნდა გაუარესდეს“.

საიას ხელმძღვანელის თქმით, იმ პირობებში, როდესაც „ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ [პოტენციური] რეგულაციების დაცვაზე, რეალურად დამოუკიდებელი არ არიან, ასეთი რეგულაციების შემოღება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწევა არ იქნება სწორი და რისკების შემცველი იქნება“.

როგორც საიას ხელმძღვანელი ამბობს, მნიშვნელოვანია არა დამატებითი რეგულაციების შემოღება, „არამედ თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება, რაც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე დამოუკიდებელი ინსტიტუციების არარსებობის პირობებში ცილისწამების კრიმინალიზება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი