საზოგადოება

დეპუტატებმა ჭიათურასა და ლაგოდეხში “ოცნება“ დატოვეს და დეგნანი/აშშ გააკრიტიკეს

11 ივლისი, 2022 • 1457
დეპუტატებმა ჭიათურასა და ლაგოდეხში “ოცნება“ დატოვეს და დეგნანი/აშშ გააკრიტიკეს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ და ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ თანამდებობები დატოვეს.

ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს — სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს — რომელიც მმართველი პარტიიდან „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით გავიდნენ და ანტიდასავლური რიტორიკა გაააქტიურეს.

„ჩემი „ქართული ოცნება“ ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი; რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი; დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები; ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს; ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი. ამ ჩემს „ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით — აქ არაფერი არ მომხდარა?“, — წერს ღამბაშიძე.

მისი თქმით, ოკუპაციის და ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, რუსეთი ამ ქვეყანაში დირექტივების გამოც არ უყვართ და ასეთ დამოკიდებულებას ვერც მეგობრისგან მიიღებენ.

„ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, „ქართული ოცნების“ გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ, ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით“, — აცხადებს ღამბაშიძე და მიმართავს აშშ-ის ელჩს, საქართველოში კელი დეგნანს, „დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს“.

ღამბაშიძე ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუკი ვინმე მუნიციპალიტეტებიდან გადაწყვეტს, შეუერთდეს, თუმცა „ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების — ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა“.

ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამივე დეპუტატს მხარდაჭერა სჭირდება „ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.

„ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამე პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, — წერს სამხარაძე.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა — დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილი მისწერა კითხვებით, თუ რატომ არ გაემიჯნა კელი დეგნანი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების „ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკას“.

დეგნანმა თქვა, რომ ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლომდე ვერც წაიკითხა.

რატომ იმეორებენ „ოცნების“ ლიდერები დეზინფორმაციას? – კელი დეგნანი

მასალების გადაბეჭდვის წესი